ახალი ამბები

“შეხვედრა მოითხოვა საქართველომ” – ვოლსკი ზალკალიანი-ლავროვის კომუნიკაციაზე

30 სექტემბერი, 2019 • 2451
“შეხვედრა მოითხოვა საქართველომ” – ვოლსკი ზალკალიანი-ლავროვის კომუნიკაციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას ადასტურებს, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა.

26 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა და  განხილვის მთავარი თემა ოკუპაციის საკითხი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ შეხვედრა დავით ზალკალიანის ინიციატივით გაიმართა და მასზე ფრენების აღდგენის საკითხზე ისაუბრეს.

“საქართველოს პრობლემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გლობალური ფორმატის დაპირისპირების. თუკი ჩვენ აქ ვამბობთ, რომ შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს არანაირად არ არის დაცილებული საერთაშორისო პარტნიორების პოზიციასთან. ამ შემთხვევაში საკითხის გაპრიმიტიულება, ვინ მოითხოვა შეხვედრა, არის სწორედაც პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი. მოითხოვა შეხვედრა საქართველომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე ნიშნით ან ქედის მოხრას, ან საერთაშროისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

“არავინ წარმოიდგინოს ისე, თითქოს შვეიცარიამ ან პარტნიორებმა გვაიძულეს დიალოგი. მათ მხარი დაგვიჭირეს საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. დაძაბულობის შემცირებაა ჩვენი მიზანი  და შეხვედრის სურვილიც ამან განაპირობა. შვეიცარიის შუამავლობა არანაირად არ გამორიცხავს ამას. შეკითხვა “ვისი ინიცატივით შედგა”, ამ შეხვედრის გლობალური ასპექტის გაპრიმიტიულებას ნიშნავს”, – განუმარტა ვოლსკიმ “ნეტგაზეთს”.

 

ზალკალიანი ლავროვს შეხვდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი