ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოლიგარქთან დაპირისპირება პრეზიდენტის სასარგებლოდ დასრულდა

17 მარტი, 2015 •
ოლიგარქთან დაპირისპირება პრეზიდენტის სასარგებლოდ დასრულდა

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა 5 მარტს პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ აქტიური პოლიტიკიდან მიდის. წარუკიანის თქმით, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და მას არავითარი კავშირი აღარ ექნება პარტია “აყვავებულ სომხეთთან”.

 

ოლიგარქის კუთვნილი ტელეკომპანია “კენტრონი” დატოვეს პარტიის ყველაზე ერთგულმა თანამშრომლებმა და ეთერს თანდათან იპყრობენ სერჟ სარგსიანის “რესპუბლიკურ პარტიასთან” დაახლოებული პირები.

 

პარტია “აყვავებულმა სომხეთმა” დატოვა წარუკიანის კუთვნილ ღვინისა და კონიაკის ქარხანაში გახსნილი ცენტრალური ოფისი. ხოლო პარტიის ახალ თავმჯდომარედ სომხეთის პარლამენტის წევრი, ნაირა ზოგრაბიანი აირჩიეს.

 

ღია დაპირისპირება გაგიკ წარუკიანსა და სერჟ სარგსიანს შორის 12 თებერვალს დაიწყო, როდესაც მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტსაბჭოს სხდომაზე სომხეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, მსხვილი მეწარმისა და ძლიერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის საქმიანობა. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ წარუკიანი, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, ქვეყნისთვის ბოროტებად იქცა. იმავე დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უშიშროების საბჭოს წევრობა, ამავე საბჭოს სხდომების სისტემატიურად გაცდენისთვის, შეუწყვიტეს გაგიკ წარუკიანს; ამას გარდა, სარგსიანმა დაავალა პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოარკვიოს, თუ რა მიზეზით აცდენს სისტემატიურად დეპუტატი წარუკიანი პარლამენტის სხდომებს; ასევე, პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ გადაამოწმონ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, მართლაც მალავს თუ არა რამდენიმე მილიარდი დრამის მოცულობის გადასახადს ბიზნესმენი წარუკიანი და დასტურდება თუ არა მისი შესაძლო მონაწილეობა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.

 

პრეზიდენტის ამ განცხადებას გაგიკ წარუკიანმა მეორე დღესვე უპასუხა. მისი თქმით, პრეზიდენტის განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უარი უთხრა შეთავაზებაზე – პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერს დაეკავებინა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ, რაც განხორციელდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. სარგსიანის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლას. წარუკიანი წინააღმდეგი იყო ამ საკონსტიტუციო ცვლილელებისა იმ მოტივით, რომ ამას სარგსიანის მიერ ხელისუფლების თავიდან ხელში ჩაგდების შესაძლებლობად მიიჩნევდა.

სერჟ სარსგიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: Photolure.am
სერჟ სარსგიანი და გაგიკ წარუკიანი, ფოტო: Photolure.am

20 თებერვლისთვის დაინიშნა პარტია “აყვავებული სომხეთის” და მისი პარტნიორი ძალების, კერძოდ, საპარლამენტო პარტიების – “მემკვიდრეობისა” და “სომხეთის ეროვნული კონგრესის” ერთობლივი მიტინგი. თუმცა მანამდე გაიმართა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები სარგსიანსა და წარუკიანს შორის, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მიტინგის გადადების შესახებ განაცხადა. წარუკიანმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მიიღო გარედან, კერძოდ კი, მოსკოვიდან, თანამემამულეებს დაგროვილი პრობლემების მშვიდობიანი, კანონიერი, პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ არ დაუშვან ვითარების “მაიდანიზაცია”.

 

ამგვარად, წარუკიანმა უკან წაიღო საკუთარი სიტყვები და არ გარისკა, რომ საფრთხის ქვეშ დაეყენებინა თავისი ბიზნესი. ოლიგარქის ამ ქმედებით იმედგაცრუებულნი დარჩნენ მისი მომხრეები და პარტნიორები. ერთ-ერთი პირველი, ვინც ის მიატოვა, სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი იყო. ამას გარდა, საპარლამენტო ფრაქცია “აყვავებული სომხეთი”, რომელიც 36 დეპუტატს აერთიანებდა, ათზე მეტმა დეპუტატმა დატოვა; ასობით ადამიანმა თქვა უარი პარტიის წევრობაზე, მათ შორის: ქალაქების მერებმა, ქვეყნის ოლქებში ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა და სხვა სახელმწიფო მოხელეებმა.

 

ამიერიდან პარტია “აყვავებული სომხეთი” პარლამენტში მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და, შესაბამისად, მას გაცილებით ნაკლები გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან, ამ პარტიის პარტნიორებს ოპოზიციური სამეულიდან (“მემკვიდრეობა” და “სომხეთის ეროვნული კონგრესი”) მოუწევთ შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ მომავალ მიტინგებსა და აქციებზე ვეღარ გამოიყენებენ წარუკიანის ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აქციებში მონაწილეების რაოდენობას.

 

მართალია, პრეზიდენტმა და ოლიგარქმა მოილაპარაკეს, მაგრამ ღიად დარჩა მთელი რიგი საკითხები: ისევ შეამოწმებენ თუ არა საგადასახადო ინსპექტორები წარუკიანის საწარმოებს? დაუბრუნდება თუ არა ბიუჯეტს მილიარდობით დრამი, რომელიც თითქოს წარუკიანმა დაუმალა სახელმწიფო ხაზინას? არის თუ არა წარუკიანის კვალი ზოგ კრიმინალურ ისტორიაში, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა? ეს ყველაფერი როგორ მოხდა? რა არის “ბოროტება”? როგორ გახდა წარუკიანი მსხვილი პარტიის ლიდერი, უშიშროების საბჭოს წევრი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე?

 

წარუკიანი ქვეყნის “ბოროტებად” მას შემდეგ იქცა, რაც იგი არ დაეთანხმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას. წარუკიანის გზიდან ჩამოცილებით სარგსიანს აღარაფერი უშლის ხელს, რომ ეს რეფორმა გაატაროს. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ამ საკითხებზე შეხვედრები გამართა ქვეყნის ოპოზიციურ პარტიებთან. პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ შესაბამისი რეფერენდუმი, შესაძლოა, შემოდგომაზე, ან ყველაზე გვიან – მომავალ წელს ჩატარდეს.

 

სომხეთის შიდა პოლიტიკური ცხოვრებაში ტემპერატურა თანდათან დაეცა, რაც დაკავშირებულია ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის 100 წლისთავის მოახლოებასთან, რაც აპრილში აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში ძალიან ბევრი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვა უცხოეთიდან, ასევე, დიასპორის ათობით ათასი წარმომადგენელი…

 

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, “სომხეთის ეროვნული კონგრესის” ლიდერმა ლევონ ტერ პეტროსიანმა თავის მომხრეებს მოუწოდა, კიდევ “რამდენიმე თვე” მოითმინონ და შემდეგ ისევ ჩაერთონ ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლაში.

 

ჩუმი შიდაპოლიტიკური ინტრიგები გრძელდება. პრემიერ-მინისტრის პოსტს ინარჩუნებს ოვიკ აბრამიანი, გაგიკ წარუკიანის ნათლია. თუმცა მას მთავრობის მეთაურის პოსტზე დიდხანს ყოფნა გაუჭირდება, თუკი შემოდგომამდე ვერ მიიღებს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას, ეს კი შესაძლოა ქვეყნის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ აბრამიანმა შესაბამის ზომებს მიმართოს, რომ ლევონ ტერ პეტროსიანის მხარდაჭერაც მიიღოს.

 

თუმცა ყველა ეს სახელი იმდენად არაპოპულარულია ფართო საზოგადოებაში, რომ ისინი პარლამენტის ან პრეზიდენტის არჩევნებზე საჭირო ხმების მოგროვებას ვერ შეძლებენ, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევნები თავისუფლად, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება. ასეთი არჩევნები კი სომხეთს უკვე დიდი ხანია არ უნახავს. აქ, როგორც წესი, ის იმარჯვებს, ვისაც ძალა, ადმინისტრაციული რესურსები და ფინანსები აქვს.

 

როგორც ჩანს, შიდა პოლიტიკურ ველზე წარუკიანთან “საქმის გარჩევით” არაფერი დასრულებულა და მოვლენების განვითარების ახალი ტალღა იწყება, ახალი ვექტორებით, თუმცა – სერჟ სარგსიანისთვის უფრო მომგებიან და კონტროლირებად გარემოში. წარუკიანთან მოგებულმა დაპირისპირებამ ქვეყნის პრეზიდენტი დღეს უძლეველ ძალად აქცია, რომლის გადაყენებაც დღეს არც ერთ ოპოზიციურ ძალას აღარ შეუძლია.

იმის მიუხედავად, რომ პარტია “აყვავებულ სომხეთს” სათავეში საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი ნაირა ზოგრაბიანი ჩაუდგა, ახლა რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ეს პარტია, ახალი ლიდერითა და წარუკიანის ფინანსების გარეშე, მოახერხოს შეინარჩუნოს თავი ოპოზიციურ ველზე და არ იქცეს სერჟ სარგსიანის პოლიტიკის ნაწილად.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი