გერმანულმა სასამართლომ ნაბახუსევი ავადმყოფობად ცნო

BBC-ის ინფორმაციით, გერმანულმა სასამართლომ ფრანკფურტში ნაბახუსევი ავადმყოფობად ცნო.

მსგავსი განმარტება სასამართლომ იმ კომაპნიის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე გააკეთა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ “ანტინაბახუსევ“ სასმელს აწარმოებდა. როგორც ირკვევა, კომპანიას ამ მარკეტინგული სქემის გამო სასამართლოში უჩივლეს. კომპანიის სახელი სასამართლოში არ გახმაურებულა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია “ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არალეგალურ ცნობებს“ ავრცელებდა, რომელიც მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს – ნაბახუსევის საწინააღმდეგო სასმელსა და საკვებ ფხვნილს შეეხებოდა.

სასამართლომ განმარტა, რომ დაავადებაში ითვლება ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის გამართულ მუშაობას მცირედით მაინც ცვლის. სასამართლოს განმარტებით, სხვასთან ერთად ასეთად მიიჩნევა თავისტკივილი, გულისრევა ან დაღლილობის შეგრძნება, რომელიც ნაბახუსევს ხშირად ახლავს თან.

სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, საკვები პროდუქტები კი, მათ შორის სასამელები, ისე არ უნდა რეკლამირდებოდეს, თითქოს რაიმე სახის ავადმყოფობის პრევენცია ან დამარცხება შეუძლიათ.