“მენტალური ჯანმრთელობა მოდა არ არის“ – მოდელის პროტესტი Gucci-ს ჩვენებაზე

“მენტალური ჯანმრთელობა მოდა არ არის“ – ეს ფრაზა ეწერა ხელისგულებზე მოდელ აეშა ტან-ჯოუნს Gucci-ს ჩვენების დროს მილანში. ამ ჟესტით მოდელმა გააპროტესტა ჩვენება, სადაც მოდელებს თეთრი უნიფორმისმაგვარი ჟაკეტები ეცვათ. მსგავსი ტანსაცმელი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების სპეციალური სამოსის ასოციაციებს იწვევს.

“როგორც ხელოვანისთვისა და მოდელისთვის, რომელსაც თავად განუცდია მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე, როგორც ოჯახის წევრისთვისა და ახლობლისთვის იმ ადამიანებისა, რომელთა სიცოცხლეზეც შფოთვამ, დეპრესიამ, ბიპოლარულმა აშლილობამ და შიზოფრენიამ ზეგავლენა იქონია, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და არასენსიტიურია, როდესაც ისეთი დიდი სამოდელო სახლი, როგორიცაა Gucci მსგავს ვიზუალებს იყენებს როგორც კონცეფციას, წუთიერი “მოდური მომენტის“ მისაღწევად,“ – ამბობს მოდელი პოსტში, რომელიც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ჩვენების შემდეგ Gucci-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ტანსაცმელი, რომელიც მოდელებს ეცვათ, არ გაიყიდება, ვინდაიდან სამოსი “იყო განცხადება ჩვენებისთვის“. სამოდელო სახლში განმარტავენ, რომ კოლექციის შექმნისას ისინი ფიქრობდნენ ადამიანთა მოდგმასა და უნიფორმებზე.

მათი თქმით, მსგავსი სამოსი გამოხატავდა სხვა არაფერს, გარდა იმ  ძალაუფლებისა, რომელიც ადამიანის თვითგამოხატვას ბოჭავს, და კულტურას, როგორც ამ ძალაუფლების გამტარს.

“უნიფორმა არის ისეთი რამ, რაც გბლოკავს და გბოჭავს – ანონიმურად გაქცევს. გაიძულებს დინების ვექტორს მიჰყვე. შემაკავებელი მოსასხამი კი უნიფორმის უმაღლესი მწვერვალია,“ – ამბობს ალესანდრო მიშელი, Gucci-ს კრეატიული დირექტორი.