სოცდაუცველები, პენსიონერები, დევნილები, შშმ პირები და სხვები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. მოქალაქეებს სულ 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125-ის მე-​2 პრიმა მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის  თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

აღსრულების ეროვნული ბიურო ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ 3 თვის ვადაში ეტაპობრივად შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება: