ახალი ამბები

სასამართლომ ასავალ-დასავალს თიბისი ბანკზე გავრცელებული ცნობების უარყოფა დაავალა

11 მარტი, 2015 • • 2736
სასამართლომ ასავალ-დასავალს თიბისი ბანკზე გავრცელებული ცნობების უარყოფა დაავალა

თიბისი ბანკმა სასამართლოს სარჩელით გასული წლის 21 თებერვალს მიმართა. მოსარჩელეები მოითხოვდნენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული “ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160,000 ლარის ანაზღაურებას”. ამის შემდეგ გაზეთმა კვლავ გააგრძელა ხაზარაძის წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნება, რასაც თიბისი ბანკმა მორიგი სარჩელით უპასუხა.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის „ასავალ–დასავალს“ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა, ხოლო 160 ათასი ლარის დაკისრების საკითხში მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 


„ასავალ–დასავალი“ აგრძელებს ბრძოლას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გაზეთი “ასავალ-დასავალი” ავრცელებს. გაზეთისა და მისი ჟურნალისტების ინტერესების დამცველის, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ “ასავალ-დასავალი” ზემდგომ ინსტანციებში საქმეს ვერ მოიგებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას პრესისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. მისი თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მედიას გამოხატვის მაღალი სტანდარტი აქვს, ისე როგორც, მაგალითად, ჟურნალ შარლი ებდოს შემთხვევაში იყო საფრანგეთში.


თიბისი ბანკის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, ისინი გაასაჩივრებენ თანხის დაკისრების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და კვლავ მოითხოვენ ფინანსურ სანქციას, რადგან “ფაქტია, რომ “ასავალ-დასავალის” მიერ სამომავლოდ დეფამაციური და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირების ერთადერთი პრევენცია სწორედ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაა,” – განაცხადა კორძაძემ. მისივე განმარტებით, ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს ოთხ სუბიექტს: უშუალოდ გაზეთ “ასავალ-დასავალს”, მის მთავარ რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილს და ჟურნალისტებს – დიტო ჩუბინიძესა და ჯაბა ხუბუას.


სასამართლომ გაზეთ ასავალ-დასავალს შემდეგი შინაარსის ტექსტის გამოქვეყნება დაავალა იმ ადგილზე და იმავე შრიფტით, როგორც იყო სტატიები მამუკა ხაზარაძისა და თიბისი ბანკის შესახებ:


“სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის შესახებ. 1. არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ ვითომდა მამუკა ხაზარაძემ და თიბისი ბანკმა უკანონოდ მიისაკუთრა ელიტ ელექტრონიქსი, თავისუფლების მოედანზე მდებარე ცეკავშირის შენობა, ბორჯომის აქტივები და ცდილობს გუდვილის გაკოტრებას; 2. არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ხაზარაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას; 3. მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ ტრაგედიასთან”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი