ნეტგაზეთი | საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ აქვთ – მარიო გატიკერი საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ აქვთ – მარიო გატიკერი – Netgazeti

საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ აქვთ – მარიო გატიკერი

საქართველო მე-5 ადგილზეა შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მხრივ და მე-3 – ახალჩასულთა სტატისტიკით, ავღანეთისა და თურქეთის შემდეგ. მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის, მარიო გატიკერის განცხადებით, განაცხადები დაუსაბუთებელია და საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არ აქვთ.

2018 წელს 2016 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. 2016 წლიდან თავშესაფრის თხოვნით შვეიცარიას მიმართა საქართველოს 2 500-მა მოქალაქემ, თუმცა არცერთი განაცხადი არ დაკმაყოფილებულა.

16 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.

“ჩვენ ისევ გვაქვს პრობლემები თავშესაფრის სისტემის წესების  დარღვევის გამო საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. საქართველოს შს მინისტრთან შევთანხმდით, რომ გავააქტიურებთ მუშაობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა მარიო გატიკერმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნას ძირითადად აქვს ეკონომიკური მიზეზები. თითქმის 1/3 განაცხადებისა კი დაკავშირებულია სამედიცინო ტურიზმთან.

“თავშესაფარი არ არის პასუხი ჯანდაცვის პრობლემებთან. პაციენტები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. აქ მოვინახულე საავადმყოფო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის შესახებ”, – განაცხადა მარიო გატიკერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში მიგრაციის საკითხებში შვეიაცრიის სახელმწიფო სამდივნომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყეს თანამშრომლობა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ შვეიცარიამ და საქართველომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს ზომები, რომელიც, შვეიცარიული მხარის შეფასებით, არასაკმარისი აღმოჩნდა. კერძოდ, შვეიცარიამ გააძლიერა გარე საზღვრები და შემოიღო შესვლის აკრძალვა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების შემთხვევაში. გარდა ამისა, ივნისში Frontex-ის (საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო) ფარგლებში, შვეიცარიამ ქუთაისის აეროპორტში ერთი თვით განაწესა შვეიცარიელი მესაზღვრე, რომელიც ადგილობრივ მესაზღვრეებს ტექნიკურ დახმარებას უწევდა.

ამასთან, 28 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანა. მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს ზომები ემსახურება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ გახდეს საჭირო.

“ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის ღირსია და მისმა მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე. საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში მივესალმებით როგორც ტურისტებს, როგორც მუშახელს შრომის ბაზარზე, შვეიცარიის რეგულაციების ქვეშ, სადაც ამის საჭიროება არის, მაგრამ არ მივესალმებით თავშესაფრის მიღების წესების დარღვევას”, – აღნიშნა მან.

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გუშინ გამართულ სხდომაზე საქართველო “უსაფრთხო ქვეყნების” სიაში შეიყვანა. დადგენილება ძალაში 2019 წლის პირველ ოქტომბერს შევა.

ამავე თემაზე:

შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.