ჩვენი სახალხო დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი აჯიკაა – სოხუმი

აფხაზური მხარის ცნობით, 11-15 სექტემბერს იტალიის ქალაქ დიამანტში გამართული “წიწაკის საერთაშორისო ფესტივალზე” ხელი მოეწერა სამმხრივ პროტოკოლს იტალიაში აფხაზეთის წარმომადგენლობას, სოხუმის ადმინისტრაციასა და ქალაქ დიამანტის მერიას შორის.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელი კან ტანია აფხაზურ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “აფხაზური სამზარეულო და აჯიკა სახალხო დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტებია, რომელსაც გარკვეულ სიტუაციებში აფხაზეთისთვის იმ კარის გახსნა შეუძლია, რასაც პოლიტიკური ღონისძიებების ან ლოზუნგების დახმარებით ვერ გახსნი”.

“აღნიშნული პროტოკოლი, თავისი არსით, კოორდინირებას გაუწევს იტალიის ქალაქ დიამანტში, კერძოდ, ადგილობრივ მაღაზიებსა და რესტორნებში აფხაზური აჯიკის პოპულარიზაციას”.

კან ტანიას განცხადებითვე, მომავალ ფესტივალზე აფხაზეთი უფრო მასშტაბურად, სხვა ადგილობრივი პროდუქციითაც წარსდგება.