ახალი ამბები

ხაზარაძე: არც “ოცნებასთან” ვითანამშრომლებ და არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”

12 სექტემბერი, 2019 • 1439
ხაზარაძე: არც “ოცნებასთან” ვითანამშრომლებ და არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად თუ დასჭირდა ხმები, ის არ ითანამშრომლებს არც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან”.

“ვისთან შეიძლება ვითანამშრომლო? ვერც ერთთან და ვერც მეორესთან”, – ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას დასმულ კითხვას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. წამყვანს აინტერესებდა, ითანამშრომლებს თუ არა ხაზარაძის პოლიტიკური პარტია 2020-ის არჩევნებისთვის რომელიმე გუნდთან.

ამ პასუხის მერე გრიგოლია ჩაეკითხა: “ოცნებამ რომ შემოგთავაზოთ, უარს იტყვით კოალიციაზე?”

“უარს ვიტყვი”, – იყო ხაზარაძის პასუხი. მისივე თქმით, პროპორციული სისტემა “ახალ, ჯანსაღ სახეებს” მიცემს ასპარეზს, რომლებთანაც აპირებს თანამშრომლობას.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 12 სექტემბერს, ანაკლიაში თავისი საზოგადოერბივი მოძრაობა “ლელოს” პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიასაც დააფუძნებს, რომლის მიზანიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება.

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი