ახალი ამბები

ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

11 სექტემბერი, 2019 • 1153
ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს, 12:00-ზე, ანაკლიაში გაიმართება.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ივლისში განაცხადა, რომ “საზოგადოებრივი მოძრაობის” ჩამოყალიბებას აპირებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ შესაბამის პოსტში მან აღნიშნა, რომ “20 ივნისის ღამე იყო წყალგამყოფი” და “სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება”. მანვე განაცხადა, რომ მისი გაერთიანება „პროდასავლურ“ ნიშას დაიკავებს.

უკვე ცნობილია, რომ მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ის წლების წინ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი.


ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან რამდენიმე კვირაში, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი