უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე დაინიშნება, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ვატიკანში კი ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი იქნება.

თეიმურაზ შარაშენიძე 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ უწყებებში. 2011-2018 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი. მანამდე, 2004-2008 წლებში, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქმიანობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. სხვადასხვა წლებში თურქეთსა და და ბულგარეთში ქვეყნის გენერალური კონსული იყო.

რაც შეეხება კონსტანტინე ჟღენტს: 1997-2000 წლებში იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად საქმიანობდა, 2004-05 წლებში კი იგივე თანამდებობა ეკავა ავსტრიასა და უნგრეთში. 2006-08 წლებში, ასევე ავსტრიასა და უნგრეთში, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საელჩოში, ეუთო-სა და რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. ჟღენტი 2013-18 წლებში უზბეკეთში საქმიანობდა ელჩად.

ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი საქართველოს ელჩად ვატიკანში 2004-14 წლებშიც მუშაობდა. 2009 წელს საგანგებო და სრულუფლებიანი დიპლომატის რანგი მიენიჭა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებული აქვს რიგი ჯილდოები, მათ შორის, ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვარი, ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედალი, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრები და ა.შ. მას საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსიც აქვს.