პროკურატურა ამბობს, რომ მელიას ტელევიზიაში მისვლაზე რეაგირება ექნება

საქართველოს პროკურატურის თქმით, ნიკა მელიას ტელეკომპანია “კავკასიაში“ მისვლას უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

დღეს, 10 სექტემბერს, ნიკა მელია “კავკასიაში“ ინტერვიუზე მივიდა, უწყებაში კი ამბობენ, რომ ამ ფაქტზე იმსჯელებენ და შემდეგომ მისცემენ აღნიშნულ ფაქტს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ეკრძალება. თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელია ამბობს, რომ სასამართლოს ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და მას დეპუტატის უფლებამოსილების შესრულების საშუალებას არ აძლევს.

“ვაპირებ, ვგეგმავ და გადახედვას არ ექვემდებარება ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს დეპუტატის სრულფასოვან საქმიანობას, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს მიღმა. ამასთანავე, ნებისმიერი ტელეკომპანიის პირდაპირ თუ არპირდაპირ ეთერში. პროკურატურას ეცნობა ცნობის სახით, მაგრამ მაპატიეთ ახლა…. პროკურორის უბრალოდ მითითებით, დეპუტატი არ უნდა დადიოდეს, რომელიღაც ტელევიზიაში – კი და რომელიღაცაში არა…. ამ მითითებას მე არ მივიღებ და არც მივიღე დღეს. ის არის სრულიად არაკონსტიტუციური.

პროკურორი მე მომცემს ნებას სახლიდან გამოსვლის  ან სახლში შესვლის, თუ ნებისმიერ სახის უფლებას – არ ვაპირებ მე დამორჩილებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს არ მოდის შესბამისობაში კონსტიტუციასთან“ ,- ამბობს ნიკა მელია დღეს ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც მან ტელეკომპანია “კავკასიას“ ინტერვიუ მისცა.

მანამდე ნიკა მელიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ შეზღუდვის მიუხედავად ტელეკომპანია “კავკასიაში“ მაინც მივიდოდა.

ვიდეოში მელია ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ის შეზღუდვებს არ არღვევდა და საპარლამენტო სხდომას ელოდებოდა. მისი თქმით, პარლამენტში გუშინწინ გამოცხადდა, თუმცა მანამდე მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროკურორს ზემოხსენებულის შესახებ ფორმალურად აცნობა და თანხმობა მიიღო.

“მივედი სხდომაზე, სხდომაზე სანამ სიტყვით გამოსვლას დავიწყებდი, მეუღლემ მაცნობა, რომ სახლში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ მოსულები, მათ ოქმი შეადგინეს, რომლის მიხედვით, თითქოს მე შეთანხმების გარეშე მივედი პარლამენტში“ – ამბობს ნიკა მელია.

მისი თქმით, პარლამენტში მისვლიდან მეორე დღეს მასთან პრობაციის სააგენტოს თანამშრომლები კიდევ ერთხელ მივიდნენ და შეუცვალეს სამაჯური, რომელიც უწყების მიერ ელექტორნული ზედამხედველობისთვის გამოიყენება.

“მეტიც, მთხოვეს, რომ სამაჯური ფეხის კიდურზე გამეკეთებინა, რაზეც უარი ვუთხარი… დაიწყო გაუგებარი რაღაც მოძრაობები, პარლამენტში მისვლის შემდეგ, სამაჯურის და სახლის გარშემო.

დღეს ვაპირებ დათო აქუბარდიას გადაცემაში მისვლას ტელეკომპანია “კავკასიაზე“, რის შესახებაც ადვოკატის მხრიდან ფორმალურად პროკურორს ეცნობა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო ადვოკატმა, რომ მე არ მაქვს უფლება სახლიდან გავიდე. დეპუტატის უფლებამოსილება, მათი აზრით, ხორციელდება პარლამენტში და არა რომელიღაცა ტელევიზიაში, თუნდაც, ოპოზიციურ ტელევიზიაში. დღეს, მიუხედავად შეზღუდვისა, გავალ სახლიდან, მივალ “კავკასიაში“, ამის შემდეგ კი ინგა გრიგოლიას ჩავერთვები გადაცემაში. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი გცოდნოდათ თქვენ, რა სისულელეს გააკეთებს “ ქართული ოცნება“ მე წარმოდგენა არ მაქვს“, – ამბობს მელია ვიდეოში.

 

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

Posted by Nika Melia on Tuesday, September 10, 2019


მოკლედ:

ამავე თემაზე ვრცლად:

4 რამ, რაც ნიკა მელიას სასამართლომ აუკრძალა