“ქართული ოცნების” დაკვეთა იყო არა ადამიანებთან ბრძოლა, არამედ სისტემური რეფორმა – წულიკიანი მოსამართლეთა შერჩევაზე

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის თქმით, დღეს ქართულ სასამართლოს იმაზე მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე ადრე. ამის შესახებ მან დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატების სია გააკრიტიკა და სისტემაში “კლანის” არსებობაზე ისაუბრა.

გოგიჩაიშვილმა წულუკიანს მიმართა:

“ეს[მოსამართლეთა სია] არის გვირგვინი იმ რეფორმების, რომლებიც უნდა ყოფილიყო გარანტია ამ ქვეყანაში და მართლმსაჯულების მომავალი? რომ თითოეულ ადამიანს ეცხოვრა ამ ქვეყანაში ისე, რომ დაცული ყოფილიყო რეპრესიისაგან… ჰქონოდა გარანტია, რომ სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი”, – აღნიშნა მან.

წულუკიანმა დეპუტატს უთხრა, რომ “ქართული ოცნების” “დაკვეთა” სისტემასთან ბრძოლაა და არა კონკრეტულ პირებთან, ხოლო ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სასამართლოსადმი ნდობა 2012 წელთან შედარებით გაზრდილია. აღნიშნული კვლევა Ipsos France-მა, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, მიმდინარე წელს ჩაატარა.

“იმ პარტიის დაკვეთა, რომლის ნაწილიც და მინისტრიც ამდენი წელია ვარ, იყო არა ადამიანებთან ბრძოლა, არამედ სისტემური რეფორმები. სისტემური რეფორმების ნაწილში ჩვენ ყველა დონეზე ვართ აღიარებული, როგორც წარმატებული რეფორმების გამტარებლები. ამ რეფორმების გვირგვინი არის სწორედ ის, რომ ჩვენი მოსახლების 52% დღეს ფიქრობს, რომ სასამართლო ახლა არის უფრო სანდო, ვიდრე იყო მანამდე. მანამდე, იგულისხმება 2012 წელი. ეს კვლევა ჩაატარა არა ვინმემ, რომელიმე პოლიტიზებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში, არამედ Ipsos France-მა, რომელსაც ყველა დასავლელი, დასავლეთის ქვეყანა ეკითხება აზრს და ატარებინებს კვლევებს”, – თქვა წულუკიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს “მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი მიმართავს”.

“თუ თქვენ გახსოვთ ძველი დრო და გახსოვთ, იმ დროს იყო ხოლმე ასეთი მუქარა, რომ გაჩერდი, თორემ გიჩივლებ სტრასბურგის სასამართლოში. დღეს მუქარა არის ასეთი, რომ გაჩერდი, თორემ გიჩივლებ სასამართლოში. ანუ, ქართულ სასამართლოს დღეს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ადრე და სტრასბურგში მხოლოდ 99 საქმე იყო გაგზავნილი შარშან, მაშინ როცა მანამდე 400 და 500 საქმე იგზავნებოდა”, – აღნიშნავს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი.

მანვე რეფორმების შედეგიანობის მაგალითად მოიყვანა გამამართლებელი განაჩენების რიცხვი, რომელიც, წულუკიანის თქმით, გაზრდილია.

 


4 სექტემბერს, ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბოლოო სია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსახვილველად პარლამენტს გაუგზავნის. საბოლოო სიაში მოხვდნენ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ა.შ. სულ 20 კანდიდატია.

პროცესი სხდომის დასრულებისთანავე გააკრიტიკა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელმაც კენჭისყრა “თეატრად” და წინასწარ დაგეგმილ პროცესად შეაფასა.

თადუმაძე, მიქაუტაძე და სხვები – უზენაესის მოსამართლეობის საბოლოო კანდიდატების სია