შაბათს, 21 თებერვალს, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მანათის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ ერთბაშად 27 პუნქტით შეცვალა და 1 აშშ დოლარის ფასი 0.78-დან 1.05 მანათამდე გაიზარდა. ამ დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ უკვე უწოდა “შავი შაბათი”, რადგან კურსის ცვლილებისთანავე მომენტალურად გაძვირდა იმპორტირებული საქონელი.
ამას გარდა, ამ ფაქტმა დაამსხვრია ხალხის რწმენა, რომ აზერბაიჯანი დაცულია ფინანსური არასტაბილურობისგან, რომელიც სხვა ევრაზიულ სახელმწიფოებს შეეხო და ქვეყნის პრეზიდენტიც კი უძლურია შეაჩეროს ეს. ცენტრალური ბანკის 2015 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებამდე, აზერბაიჯანული მანათი დოლარის მიმართ სტაბილურ კურსს 2011 წლიდან ინარჩუნებდა.
“ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა აზერბაიჯანის ეკონომიკის დივერსიფიკაციის სტიმულირებისთვის, ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, საგადასახადო ბალანსის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით,” – ნათქვამია აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 თებერვალს, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მმართველმა ელმან რუსტამოვმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი აპირებდა დოლარის მიმართ აზერბაიჯანული მანათის კურსის ვარდნას, ანუ სავალუტო ინტერვენციების გზით მანათის სტაბილური კურსის ხელოვნურად შენარჩუნების შეწყვეტას. მისივე თქმით, 2015 წლის დასაწყისიდან მანათის კურსის შესანარჩუნებლად ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. რუსტამოვმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი “გაითვალისწინებდა მოსახლეობის ინტერესებს” და თანდათან განახორციელებდა კურსის ცვლილებას.
“მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შევიტანოთ ზოგიერთი ცვლილება საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში და უნდა გადავიდეთ უფრო მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმზე”, – განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მმართველმა.
აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარი თავი მოტყუებულად მიიჩნია, რადგანაც მანათის უეცარ, მკვეთრ დაცემამდე რუსტამოვი ირწმუნებოდა, რომ ეროვნული ვალუტა ეტაპობრივად შესუსტდებოდა, “მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით”.
40 წლის ნიგარ ბაგიროვა ამბობს, რომ მანათის გაუფასურებამ უარესობისკენ შეცვალა მისი ოჯახის გეგმები:
“ვაპირებდით ახალი მანქანის შეძენას და მთელი ოჯახით ზაფხულში დასასვენებლად წასვლას, მაგრამ ახლა ჩვენი ყველა გეგმა დაიმსხვრა, რადგან ჩვენი შემოსავლები გაუფასურდა, თან, გაგვეზრდება ყოველდღიური მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ხარჯები, ამასთან, ავტომობილები და ტურისტული პაკეტებიც 40%-ით გაძვირდა”.
ნიგარის მსგავსად შეშფოთებულია აინურ გასანოვა. მისი კრედიტი, რომელიც მანქანის შესაძენად გამოიტანა ბანკიდან, ზუსტად იმდენით გაძვირდა, რამდენითაც მანათი გაუფასურდა:
“კრედიტი აშშ დოლარში ავიღე და თვეში ვიხდი 600 აშშ დოლარს, თუმცა, თუ ადრე 468 მანათის გადახდა მიწევდა, ახლა 630 მანათი უნდა გადავიხადო. თან, არ ვიცით, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და კიდევ რამდენით გაუფასურდება მანათი”.
მანათის გაუფასურების გამო შეშფოთება არც პარლამენტის წევრებს დაუმალავთ.
“ბოლო დღემდე აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი გვპირდებოდა, რომ დოლარის ფასი 0.9 მანათს არ გადააჭარბებდა, თუმცა ფასი ერთბაშად 34%-ით დააგდო. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა ცივი შხაპი გადაასხა აზერბაიჯანელ ხალხს. ბევრმა ბანკმა ზუსტად 5 წუთში კოლოსალური ზარალი განიცადა. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი მათგანი საერთოდ გაკოტრდეს. მე თავად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ცენტრალურ ბანკთან და ვითხოვდი, არ განეხორციელებინათ ერთბაშად დევალვაცია და მანათის კურსი თანდათან დაეწიათ. ცენტრბანკის ხელმძღვანელობამ მოგვატყუა როგორც დეპუტატები, ისე – მთელი აზერბაიჯანელი ხალხი”, – განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვახიდ ახმედოვმა.
მისი თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში ბევრი მეწარმეა, რომლებსაც მრავალმილიონიანი კრედიტები აქვთ აშშ დოლარში: “მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს გეგმა. საჭიროა პროგრამების ამოქმედება საბანკო დეპოზიტების დასაცავადაც,” – განაცხადა დეპუტატმა.
შეკითხვაზე – შეეძლო თუ არა მთავრობას მანათის დევალვაციის შესახებ გადაწყვეტილების გადავადება? – სააგენტო “ტურანის” ანალიტიკოსებმა უპასუხეს: “ალბათ, კი, მაგრამ ცენტრალური ბანკის ორმა მსხვილმა სავალუტო ინტერვენციამ – დეკემბერსა და იანვარში – ნათლად აჩვენა, რომ იქმნებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვნად შემცირების საფრთხე. შესაძლოა, არსებობს ბიუჯეტის შემოსავლებში პრობლემები და ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღარ დააყოვნოს”.
ბოლო 6 თვის განმავლობაში, აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვები, ჯამში, 18%-ით შემცირდა და 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 12.68 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მანათის გაცვლითი კურსის მესამედით შემცირება დაეხმარება ხელისუფლებას ნავთობის ფასის დაცემით გამოწვეული დანაკარგის კომპენსირებაში: ახლა ბარელი ნავთობის ფასი 63 აშშ დოლარია, მაშინ, როცა აზერბაიჯანის ბიუჯეტში შემოსავლები დაგეგმილი იყო ფასით – ბარელზე 90 აშშ დოლარი (აზერბაიჯანის ბიუჯეტის საერთო შემოსავლების 70% და ექსპორტის შემოსავლის 92% სწორედ ნავთობზე მოდის).
მანათის გაუფასურების პირველსავე დღეებში დაიწყო ფასების ზრდა მაღაზიებში. მოსახლეობამ დაიწყო საკვები პროდუქტების მომარაგების მიზნით მათი აჟიოტაჟური შესყიდვა. ტექნიკის მაღაზიებმა მუშაობა შეაჩერეს ეროვნული ვალუტის კურსის მორიგი ცვლილების მოლოდინში. პროდუქტების ნაწილზე ფასები 20-30%-ით გაიზარდა.
პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდის საფრთხის გამო აზერბაიჯანის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ უკვე განაცხადა, რომ სავაჭრო ობიექტებზე მონიტორინგს გააძლიერებს, რათა “არ დაუშვას ფასების უსაფუძვლო მატება”.
აზერბაიჯანის მოსახლეობა ელოდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას არა მხოლოდ შეაჩერებდა, არამედ გაამყარებდა მას 1.05-დან მაქსიმუმ 0,9 მანათამდე 1 აშშ დოლარზე, ან შესაძლოა სულაც ძველ კურსზე დაებრუნებინა. ამ იმედით მოქალაქეების ნაწილმა გაყიდა კიდეც სავალუტო ჯიხურებში დაგროვილი დოლარები. ისინი იხსენებდნენ, რომ როცა ამ წლის დასაწყისში უმნიშვნელოდ გაიზარდა ფასი ბენზინზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამი დღის შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. თუმცა მანათის შემთხვევაში ასე არ მოხდა.
24 თებერვალს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მანათის გაუფასურების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო.
“ამის შესახებ ღიად ვთქვი ჩემი აზრი იანვარში კონფერენზიაზე, რომელიც ეძღვნებოდა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგების განხილვას, რომ ადამიანებს სცოდნოდათ ამის თაობაზე, მზად ყოფილიყვნენ ამისთვის და ეს არავისთვის ყოფილიყო სიურპრიზი. მაშინ ვთქვი, რომ მანათი ზედმეტად გამყარდა და ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე და რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, ნავთობის გაიაფებამ უკვე მიგვიყვანა გარკვეულ სირთულეებთან,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ეს იყო პირველი სიგნალი: “ამის შემდეგ ცენტრალური ბანკი გამოვიდა განცხადებით, რომ ეტაპობრივად, წლის ბოლომდე მანათის კურსი დაიწევდა. ეს ასევე იყო სიგნალი, რომ ხალხი მზად ყოფილიყო. თუმცა ამის შემდეგ ვნახეთ, რომ აგორდა აჟიოტაჟი და ყოველ ჯერზე, როცა მცირედით დაიწევდა მანათის კურსი, მოსახლეობა აწყდებოდა გადამცვლელ პუნქტებს და იწყებდა დოლარის მასობრივად შესყიდვას. ზოგიერთმა გადამყიდველმა ისარგებლა სიტუაციით და გამდიდრება გადაწყვიტა”.
ილჰამ ალიევის თქმით, ასეთ პირობებში დაიწყო ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირება: “შემიძლია რამდენიმე მონაცემი მოვიტანო: ყოველდღიურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზარზე იყიდებოდა მინიმუმ 500 მილიონი აშშ დოლარი და თუკი ეს გაგრძელდებოდა, მაშინ ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები მკვეთრად შემცირდებოდა. ამიტომ მივიღეთ მანათის გაიაფების გადაწყვეტილება და რელურად, მანათი დაეცა საწყის დონეზე. ანუ, თუკი რეფორმის დასაწყისში ერთი მანათი უდრიდა 1 აშშ დოლარს, დღესაც მანათი თითქმის დოლარის ტოლია”.
საინვესტიციო ბანკ SAXO Bank-ის სპეციალისტები მთლიანობაში დადებითად აფასებენ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ქმედებებს ეროვნული ვალუტის დევალვაციის კუთხით.
“ბევრი გაოცებულია დევალვაციის დონით. მე ეს ძალიან არ მიკვირს. დევალვაციის დონე შეესაბამება მოვლენების განვითარებას, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობზე ფასი 50%-ზე მეტით დაეცა, რამაც შეამცირა მოგება. ახლა ნავთობის ფასი უფრო ძვირია აშშ დოლარებში მაშინ, როცა აზერბაიჯანი, ძირითადად, იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან, თურქეთიდან, ევროპიდან, სადაც ბოლო დროს ვალუტა საკმაოდ სუსტი იყო. ამგვარად, ცენტრბანკმა შესაძლოა დააბალანსა ექსპორტის დონის ვარდნა იმპორტზე ფასის ვარდნის მიმართ. დევალვაცია გარდაუვალი იყო, რადგან როცა ქვეყნის ეკონომიკა უკიდურესადაა დამოკიდებული ნავთობის ექსპორტსა და აქედან შემოსავალზე, თავად ნავთობი გამოდის ქვეყნის ეფექტური ვალუტის როლში. ამდენად, ამ დონის დევალვაცია კანონზომიერია”, – განაცხადა ბანკის სავალუტო სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ ჰარდიმ.
ექსპერტების თქმით, დევალვაციის შედეგად გაჩნდა ე.წ. “petro-მანათის” ცნება (რადგან მანათის კურსი დამოკიდებულია ნავთობიდან შემოსავალზე). “აშკარაა, რომ მანათის დონე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ნავთობის ფასზე მანამ, სანამ აზერბაიჯანი არ მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას,” – განაცხადა ჰარდიმ.
ეკონომიკის ექსპერტი ნატიკ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ მანათის კურსის დაცემა მხოლოდ ერთი ნაბიჯია არასანავთობო სექტორის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად და საჭიროა “პარალელურად სხვა ნაბიჯების გადადგმაც: უარი მონოპოლიაზე, ბრძოლა კორუფციასთან არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც, სასამართლო სისტემის რეფორმირება და დამოუკიდებელი სასამართლოების შექმნა, საკუთრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა”.
ამავდროულად, ექსპერტს ნაკლებად სჯერა, რომ ქვეყნის მთავრობა მზადაა ასეთი მასშტაბური და კარდინალური რეფორმებისთვის. ე.ი. “საკვანძო მიზანი” უახლოეს მომავალში მიუღწეველი დარჩება.
ეკონომიკური ინიციატივების მხარდამჭერი საზოგადოებრივი გაერთიანების ექსპერტი სამირ ალიევი მიიჩნევს, რომ მანათის დევალვაცია გაგრძელდება, თუკი ნავთობზე დაბალი ფასები შენარჩუნდება: “თუკი ნავთობი გაძვირდება და გადააჭარბებს 70 დოლარს ბარელზე, სიტუაცია სავალუტო ბაზარზე დასტაბილურდება. მაგრამ თუკი ფასები ნავთობზე შენარჩუნდება, მაშინ მანათი ისევ გაიაფდება, წლის ბოლომდე კიდევ 10%-ით გაუფასურდება და მაშინ დოლარი უკვე 1.2 მანათად გაიყიდება”.
ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე ვუგარ ბაირამოვი მიიჩნევს, რომ ინფლაციის დონე წელს, მანათის მკვეთრი დაცემის გათვალისწინებით, ორჯერ გაიზრდება, ვიდრე პოგნოზირებული იყო (ადრე აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 7%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა). ექსპერტის თქმით, მოსალოდნელია ფასების მკვეთრი მატება სამომხმარებლო ბაზარზე: “ეს დღესავით ნათელია, რადგან მეწარმეები პროდუქტს უცხოეთში დოლარში ყიდულობენ”.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |