საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.მ. 2016 წლის 14 დეკემბრიდან – 2019 წლის 3 თებერვლამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა და ძალადობდა ცოლზე. გარდა ამისა, გინებით, დამამცირებელი სიტყვებით სისტემატურად აშანტაჟებდა, შეურაცხყოფდა და ამცირებდა ცოლს და არასრულწლოვან შვილებს. სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.
როგორც პროკურატურა აცხადებს, 2019 წლის 20 იანვარს, მ.მ-მ, მის მიერვე დაწყებული კონფლიქტისას და შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა, ხოლო შვილის ძალადობისგან დაცვის მიზნით გასაშველებლად ჩარეულ მეუღლეს გულმკერდის არეში ხელი დაარტყა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.