TI: R2-ის მენეჯმენტი ღიად ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რაც “ოცნების” ინტერესია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ახალი მენეჯმენტი, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს, რაც მმართველი პარტიის ინტერესებს წარმოადგენს:

“მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს. ცხადია, ყოველივე ეს წარმოადგენს მმართველი პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ინტერესს”, – აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილო თანამშრომლები კომპანიას პროტესტის ნიშნად ტოვებენ. როგორც TI-ში აცხადებენ, თანამშრომლები “რუსთავი 2”–ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ 2 დღის წინ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის, არხის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლაფერაშვილის, საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, “კვირის აქცენტებისა” და “არჩევანის” წამყვანების – ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, გადაცება “ნანუკა ჟორჟოლიანიას შოუს” ავტორისა და წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის, არხიდან ბუნდოვანი მიზეზებით გათავისუფლებას ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აღიქვამენ.

ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილების შემდეგ პირდაპირ ეთერში მთავარი საინფორმაციო გადაცემა “კურიერის” დაწყებისთანავე არხი დატოვეს წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

TI-ს ინფორმაციით, არხიდან ასევე წავიდნენ “რუსთავი 2–ის” თანამშრომლები:

ამასთან, ეთერში უკვე 36 საათზე მეტია, არ გასულა საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” და ვებგვერდზე არ იდება ახალი ამბები. არხი დატოვეს “კვირის სხვა შუადღის” წამყვანებმა: ლევან ბუთხუზმა, სალომე დადუნაშვილმა და ლევან ღამბაშიძემ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო” დაიცავს ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სამართლებრივ ინტერესებს. TI მზადაა, სურვილის შემთხვევაში, “რუსთავის 2”–ის სხვა თანამშრომლებსაც აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება.