ამაზონის ტყეები იწვის – ხანძრის რეკორდული მასშტაბები ბრაზილიაში

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა(საუბარია მხოლოდ ბრაზილიის ამაზონზე), ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

ცენტრმა, რომელიც ტყის ხანძრებს 2013 წლიდან აკვირდება, მიმდინარე წელს ბრაზილიის მასშტაბით ყველაზე მეტი – 72, 843 ხანძარი აღნუსხა. რთულმა ვითარებამ საერთაშორისო მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიმდინარე კვირაში მიიპყრო. გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული, უწყებამ ამაზონის ტყეებში ხანძრის 9, 507 ახალი კერა დათვალა.

სტიქია იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტი სატელიტიდან გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანს. როგორც CNN ევროკავშირის სატელიტურ პროგრამაზე დაყრდნობით იუწყება, კვამლი ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი სან-პაულუ ჩანს, რომელიც ამაზონში გაჩენილი ხანძრის ფონზე შავი კვამლითაა დაფარული. ზოგიერთი მეტეოროლოგის აზრით, შესაძლოა ეს მეზობელი პარაგვაიდან და ბოლივიიდანაც მოდიოდეს, სადაც ასევე უკიდია ცეცხლი ამაზონის ტყეებს.

ამაზონს ზოგჯერ დედამიწის ფილტვებადაც მოიხსენიებენ. ის დედამიწის ატმოსფეროში ოქსიგენის 20%-ს გამოყოფს.

?Just a little alert to the world: the sky randomly turned dark today in São Paulo, and meteorologists believe it’s smoke from the fires burning *thousands* of kilometers away, in Rondônia or Paraguay. Imagine how much has to be burning to create that much smoke(!). SOS? pic.twitter.com/P1DrCzQO6x

— Shannon Sims (@shannongsims) August 20, 2019

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ქვეყნის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა. ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უწყობს ხელს ფერმერებსა და სხვებს, საკუთარი საქმიანობისათვის ამაზონის ტერიტორიები “გაასუფთაონ”.

ბოლსონაროს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება იყო სწორედ ამაზონის პოტენციალის ათვისების ხარჯზე. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარემოს დაცვის სააგენტომ შესაბამისი კანონდარღვევების მიმართ ჯარიმები შეამსუბუქა. The Guardian ადგილობრივ გაზეთებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთ რეგიონში ფერმერები აწყობენ ერთგარ “ცეცხლის დღეებს”, რათა ტყეები მათთვის სასურველი მიზნებისათვის გამოიყენონ.

ივლისში ჟაირ ბოლსონარომ ზემოხსენებული კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც “ტყუილად” შეაფასა უწყების მონაცემები ამაზონის ტყის განადგურების მასშტაბების შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცენტრმა ივნისში გაავრცელა ცნობა ტყის განადგურების მაჩვენებლის 88%-ით ზრდის შესახებ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ოთხშაბათს კი პრეზიდენტმა ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებში არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლო ბრალეულობაზე ისაუბრა, თუმცა ისე, რომ არც მტკიცებულებები დაუსახელებია და არც კონკრეტული პერსონები.

“ეს შეიძლება იყოს… მე არ ვამტკიცებ, [თუმცა] კრიმინალური ქმედებები არასამთავრობოების წევრებისგან, რათა ჩემსა და ბრაზილიის მთავრობის წინააღმდეგ მომართონ ყურადღება. ეს ომია, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ”, – თქვა მან ფეისბუქ ლაივში, BBC-ის ცნობით.