“მთელი ის ლაპარაკი, რომ საქართველოში უღმერთო ხელისუფლება იყო… მე ბავშვობაში ეკლესიაში რომ დავდიოდი, ეს ყოფილი კომუნისტები ან მათნაირები დაგვდევდნენ და გვიჭერდნენ. მახსოვს, ორჯერ გამოგვათრიეს ქაშვეთიდან. ერხთელ ლურჯი მონასტრიდან გამოგვაძევეს და მთელი დღე მილიციაში ვიჯექი, მაშინ მეშვიდეკლასელი ვიყავი. ამ ეკლესიის თემაზე ამდენი სიცრუე ძალიან მაღიზიანებს, მე მართლაც ფუნდამენტურად მორწმუნე ადამიანი ვარ. მჯერა, რომ ღმერთმა ბევრჯერ გადაგვარჩინა. მე გადამარჩინა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინ, როცა მიხვდნენ, რომ საფრთხეს წარმოვადგენდი, თბილისის მთავრობაში მოკალათებულმა ბანდიტებმა ე.წ. პარტიზანები ჩემს ასაფეთქებლად გამოუშვეს. მივდიოდით მიტინგზე ზუგდიდში, თუმცა ისე მოხდა, რომ ზესტაფონსა თუ სამტრედიაში წავედით რაღაც საქმეზე. ამათ გზა აებნათ იმიტომ, რომ სხვა მარშრუტით უნდა წავსულიყავით. როცა დაინახეს, რომ სხვა მარშრუტით ვიყავით, გამოიქცნენ და ჩვენ სადღაც სენაკთან დავინახეთ გადაყირავებული ნივა, სადაც ეგდო ყუმბარმტყორცნი და დაღუპული ადამაინები. ზუსტად ვერ მივხვდით რა იყო, თან გვეჩქარებოდა, თან არეული დრო იყო, წავედით.


მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვენს მოსაკლავად გამოგზავნილი ჯგუფი და ასეთი რაღაც დაემართათ, წმინდა მიხეილის დღეს, ჩემი სახელობის წმინდანის. შემდეგ ვარდების რევოლუცია მოხდა გიორგობას და აჭარის რევოლუცია… მე ფუნდამენტურად მჯერა, რომ არსებობს მაღალი ძალა, რომელიც საქართველოს იფარავს. ზოგიერთ ლიბერალს ეწყინება, მაგრამ მე ვიყავი ძალიან ბევრი ეკლესიის აშენების ინიციატორი მე ამას არ ვნანობ, ჩემი შეხედულებები იყო ასეთი. მე ბავშვობიდან გავიზარდე ასე. მე მწამს ღმერთის, მაგრამ არ მწამს ძალიან ბევრი ფარისევლის, ვინც შეფარებულია ანაფორას და რუსეთის სახელით ქადაგებს, იმიტომ, რომ რუსეთმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა 1811 წელს და აფხაზეთში ჩვენს ეკლესიებს რას უშვრება, ყველამ კარგად ვიცით. როცა ამ რუსეთის სახელით ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვიღაც კინტო ეკლესიის სახელით გვაწვება ჩვენ, ამაზეც მიხდება ლაპარაკი, რომ ამდენი სიყალბეა. ამ სიყალბესა და სიმართლეს შორის წყდება ბევრი რამ საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *