ლექტორი განმარტავს, რატომ უჩივლა სტუდენტს Facebook პოსტის გამო

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელმაც სტუდენტს ფეისბუკის დახურულ ჯგუფში გავრცელებული მიმის და კომენტარებში დაწერილი გინების შემდეგ უჩივლა, განცხადებას ავრცელებს.

გიორგი გორაშვილი ამბობს, რომ ჯგუფში, სადაც მიმი გავრცელდა, მისი თითქმის ყველა სტუდენტი, კურსამთავრებული, მეგობარი და კოლეგა – იურისტები არიან გაწევრიანებულნი და სწორედ მათგან შეიტყო, რომ ბუბა ნაჭყებიამ აღნიშნული პოსტი გამოაქვეყნა:

“ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ იურისტების მრავალათასიან ფეისბუქ -ჯგუფ – TSU Faculty of Law (2016)-ში, სადაც თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი, კურსდამთავრებული, მეგობარი, კოლეგა – იურისტები (რომელთაგანაც შევიტყვე შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ) არიან გაწევრიანებულნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ 2019 წლის 30 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი ლანღვა-გინების (დედის გინება) შემცველი პოსტი, რაც არაერთხელ განმეორდა (მათ შორის დღესაც) როგორც ზემოთ აღნიშნულ, ისე სხვა ფეისბუქ- ჯგუფში, სახელწოდებით TSU Faculty of Law (ფარდის მიღმა)-ში, რომელიც შექმნა უშუალოდ ამ უკანასკნელმა. დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტის მოქმედებამ შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი” ,- ამბობს გორაშვილი.

გორაშვილი აცხადებს, რომ თავად სტუდენტ ბუბა ნაჭყებიას ლექტორი არ ყოფილა, თუმცა მას თსუ-ის დაცვის სამსახურიდან იცნობდა, რომელსაც გორაშვილი ხელმძღვანელობს, ნაჭყებია კი დასაქმებული იყო. რაც შეეხება კომენტარებს, გორაშვილი მიიჩნევს, რომ სტუდენტმა პოპულარობის მიღწევის ამორალური გზა აირჩია:

“ის თანატოლებს ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია ლანძღოს და აგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მაგრამ, ვფიქრობ, გაცნობიერებული არ აქვს, რას აკეთებს. რეალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში გამოხატავს ჩემი მისამართით, ობიექტური გარემოების გამო ჰქონოდა და ჩემ მიმართ განხორციელებული არაერთი ლანძღვა-გინება მხოლოდ ხულიგნური მოტივაციითაა ნაკარნახევი”, – ამბობს ლექტორი.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა-გინებისა და ბულინგის მსხვერპლი ბოლო პერიოდში არაერთი ლექტორი გახდა:

“ამიტომაც ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებას გააჩნია როგორც ადამიანური, ისე პედაგოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ თუ მოცემული ფაქტი ჩაითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად, სასამართლომ დისკრეციის ფარგლებში დააკისროს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ გაათავისუფლოს სახდელისაგან. ბუბა ნაჭყებიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს” ,- ამბობს გორაშვილი.

თსუ-ის ლექტორმა მიმისა და Facebook-ზე გინების გამო სტუდენტს უჩივლა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.