“მხარეებმა საქართველო-უნგრეთს შორის პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებსა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე უსაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ 2014 წლიდან ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რამაც საგრძნობლად გაზარდა ტურისტთა რაოდენობა და გაამარტივა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის”,- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე ისაუბრეს.
“შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაც განიხილეს. გამოითქვა შეშფოთება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ “სამოკავშირეო ხელშეკრულებების“ გაფორმების გამო, რაც საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
