ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უშიშროების ეროვნული საბჭოს ანალიზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეთანხმებებზე

9 თებერვალი, 2015 • • 1290
უშიშროების ეროვნული საბჭოს ანალიზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეთანხმებებზე

საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს ანგარიშში წერია, რომ დოკუმენტის ხელმოწერის გარშემო მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოება რუსეთთან მოკავშირეობის პერსპექტივებსა და მოსალოდნელ შედეგებს განსხვავებულად აღიქვამს.

 

იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ ოსური ადგილობრივი ელიტებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ხელშეკრულბებს მოლოდინით უყურებს, როგორც რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების ერთ-ერთ ეტაპს, ბუნებრივია ოსებისთვის „სახის შენარჩუნების“ სიმბოლური მნიშვნელობის ამოცანაც არ დგას. ამდენად ოსური დოკუმენტი აფხაზურზე მეტად „ინტეგრაციულია“, მაგრამ ბოლომდე ვერ ასახავს რუსეთთან სრული ინკორპორირების მათ სურვილს. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნის, რომ ხელშეკრულების ოსურ ვერსიაში გვხვდება ის ფორმულირებები, რომლებიც აფხაზებისთვის რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ თავდაპირველ დოკუმეტში იყო ჩადებული და რომლებიც მოგვიანებით აფხაზებმა ამოიღეს”, – წერია უშიშროების ეროვნული საბჭოს ანალიზში.

 

მაგალითისთვის, საბჭოს ხელშეკრულების სათაურებს ადრებს –  „მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ [სამხრეთ ოსეთი] და „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ [აფხაზეთი].

 

“ამით ოსები ხაზს უსვამენ საკუთარი, როგორც დამყოლი პარტნიორის მნიშვნელობას რუსებისთვის, – წერია ანგარიშში.

 

შეთანხმებების თითოეულ პუნქტზე საუბრისას, უშიშროების საბჭო საზღვრის კონტროლის საკითხსაც ეხება.

 

“ოსურ ვერსიაში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კონტროლის შესახებ, აფხაზურში კი სპეციალური თავი ეძღვნება ამ საკითხს. კერძოდ: მითითებაა 2009 წლის 30 აპრილს საზღვრის დაცვის შესახებ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებაზე. ამავე დროს განსაზღვრულია, რომ კონტროლი უნდა განხორციელდეს ერთობლივად აფხაზებისა და რუსების მიერ. საუბარია აგრეთვე საქართველო – აფხაზეთის საზღვრის საინჟინრო ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, რაც უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს ორ წელიწადში.”

 

დოკუმენტში განხილულია ასევე დებულებები მოქალაქეობის საკითხების შესახებ. კერძოდ, ოსურ ვერსიის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას სამხრეთ ოსეთის პასპორტი.

 

“მოქალაქეობის ნაწილში მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ აფხაზები ყველანაირად ეცადნენ რუსეთის ფედერაციის მცხოვრებთათვის აფხაზური მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა შეეზღუდათ, აფხაზებისთვის კი, რუსული პასპორტების მიღება გაემარტივებინათ. მსგავსი წადილი და რუსული დემოგრაფიული ექსპანსიის შიში არ ჩანს ოსების ვარიანტში.”

 

აღნიშნული შეთანხმებების ყველაზე მკაფიო განსხვავებას, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ხედავენ აფხაზური და ოსური საზოგადოებები რუსეთთან ურთიერთობებს და ზოგადად მომავალს, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭო ხელშეკრულების ვადებში ხედავს, რომლის მიხედვით, აფხაზები – ათწლიან დოკუმენტს აწერენ ხელს, ყოველ ხუთ წელიწადში გადახედვის უფლებით, ოსები კი, – ოცდახუთწლიანს, ყოველ ათ წელიწადში გადახედვის უფლებით.

 

“დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებებში აღწერილი დებულებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, როგორიცაა: სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებასა და მუქარაზე უარის თქმა, სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემა, სხვა სახელმწიფოთა საზღვრების დაურღვევლობა, საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.”


რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ სოჭში 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ახალ ეტაპებს ითვალისწინებს.  4 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი