ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს მინდია ჯანელიძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა

5 თებერვალი, 2015 • • 1043
რა საკითხები განიხილეს მინდია ჯანელიძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე და მიღწეულ პროგრესზე. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა დაადასტურეს, რომ პაკეტის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გაზიარებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში და აღნიშულია, რომ მხარეებმა თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს.

 

“ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარდგება. ვიზიტის დროს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი