ახალი ამბები

ხადური: რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის მქონე ვალუტა არის ლარი

5 თებერვალი, 2015 •
ხადური: რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის მქონე ვალუტა არის ლარი

“ამ კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ მოუწია ჩარევა. მათი ჩარევის საჭიროება აღარ იყო, ვინაიდან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი გასული კვირის განმავლობაში, მაინც აჟიოტაჟი იყო და ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა. საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისათვის, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები უცვლელი რჩება ჩარევის გარეშე. ეს საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება”,- განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

 

მისივე თქმით, ერთი წლის მანძილზე კურსის ცვალებადობის ტენდენცია გაანალიზეს, რის შედეგადაც ხადური ამბობს, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მცურავი კურსის მქონე ვალუტა ლარია.

 

“ჩვენ გავაანალიზეთ ერთი წლის განმავლობაში კურსის ცვალებადობა და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, მცურავი კურსის მქონე ვალუტა არის ლარი. მე სპეციალურად გამოვყავი მცურავი კურსი, რადგან რეგიონში არის აზერბაიჯანი, რომელსაც პრაქტიკულად მიბმული კურსი აქვს. იქ კურსი არ იცვლება, მუდმივად დაფიქსირებულია”.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, 5 თებერვლის მონაცემებით კი 100 დოლარის ყიდვისთვის 201 ლარია საჭირო. ლარის გაუფასურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი