“მიმაჩნია, რომ არის გარკვეული გზები, რათა თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება. ამ საკითხის შესწავლა და გაანალიზება ეკონომიკურმა საბჭომ უკვე დაიწყო. ამ საკითხზე უკვე შედგა კომუნიკაცია „სოკარის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ვფიქრობ, ჩვენ გამოვნახავთ გზებს, რომ ამ ეტაპზე მაინც თავიდან ავირიდოთ გაზის ფასის გაძვირება. დეტალურ განმარტებებს ალბათ მოგვიანებით გავაკეთებთ. ჩართულია ეკონომიკური საბჭო, ენერგეტიკის სამინისტრო. შეიძლება, ჩვენ მივმართოთ თხოვნით აზერბაიჯანის მხარეს, რომ მოხდეს ამ პროცესის გადავადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ვიცე-პრემიერებს, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, აღნიშნული საკითხის უსწრაფესად გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
გაზგამანაწილებელი კომპანიები 2015 წლის 1 მარტიდან იურიდიულ პირებს და კომერციულ ოპერატორებს ბუნებრივ აირს ახალი ტარიფით მიაწვდიან. “სოკარ გაზი” ტარიფს 1 კუბურ მეტრ გაზზე 84 თეთრიდან 90 თეთრამდე ზრდის, ხოლო “ყაზტრანსგაზი თბილისი”- 75 თეთრიდან 90 თეთრამდე.