ეროვნული ბანკი 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, 40 მლნ აშშ დოლარს გაყიდის. სებ-ის თანახმად, ლარის მოქმედმა კურსმა ფასების სტაბილურობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. სწორედ ამიტომ, ცენტრალურმა ბანკმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

“ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,”-წერია სებ-ის განცხადებაში.

ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება პირველი აგვისტოსთვის 2.9718 ლარი იქნება.