როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე ჟენევის დისკუსიებში აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტივები და აფხაზეთის ინტერესებიდან გამომდინარე ევროკავშირის ჩართულობის საკითხები განიხილეს.
ჰერბერტ ზალბერის თქმით, ამჯერად, გალის რაიონის პარალელურად, გაგრა და ბიჭვინთა მოინახულა და გალის რაიონში ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
“ვფიქრობ, ეს ძალიან საჭირო საქმიანობაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს”, – განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.
აპსნიპრესის ინფორმაციითვე, საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს სოფლის მეურნეობის, მცირე და მსხვილი ბიზნესის სფეროებში, ასევე, პედაგოგიურ სამუშაოებს უცხო ენების შესწავლის კუთხით.
ამასთან, ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა გაფართოვდება და აფხაზეთის ტერიტორიაზე გალის რაიონს გასცდება.
ზალბერტი დაინტერესდა ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სოხუმში ოფისის გახსნის შესაძლებლობითაც, – “იმისთვის, რომ მუდმივი კონტაქტი არსებობდეს თბილისში ევროკავშირის წარმომაგენლობის კოლეგებთან.”
“თუ თქვენ ნებას დაგვრთავთ და თუკი ეს აფხაზეთისთვის სასარგებლო იქნება”, – განუცხადა ზალბერმა ხაჯიმბას.
“მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ურთიერთობები სასარგებლო იქნება, თუმცა აუცილებელია აფხაზეთი განვიხილოთ არა ქართული ინტერესების პრიზმიდან, არამედ მოლაპარაკებათა პროცესის მხარედ. ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნება, აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა განიხილავდეს. მესმის, თქვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობები. ამიტომაც არ უნდა განიხილებოდეს საქართველოს ინტერსების კონტექსტში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა გუშინდელი დღეა! ჩვენი მიზანი არაა უახლოეს დროში მსოფლიო აღიარება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს შიგნით შევდგეთ ეკონომიკური, ფინანსური და სამართლებრივი კუთხით, და ეს მიზანი მიიღწეული იქნება!
მისი თქმით, ყოველივე ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია აფხაზეთის პოლიტიკა მსოფლიო აღიარების კუთხითაც იყო მიმართული.
ხაჯიმბას თქმით, უკვე მიცემულია დავალებები გალის რაიონში გზების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.
“ვისურვებდით, რომ გალის მოსახლეობამ გაიაზროს, აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო, როგორც ხელისუფლება, ყველა იმ პროცესზე აგებს პასუხს, რომელიც მის ტერიტორიაზე ვითარდება.”
თუმცა ხაჯიმბა ამბობს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ევროკავშირი მათ სთავაზობს, “ზედმეტი არ იქნება”.
“მესმის, რომ რუსეთი დღეს საკმაოდ რთული თემაა დასავლეთისთვის. მაგრამ ჩვენი არსებობის მთავარი შემადგენელია. ჩვენ რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას ვიღებთ, რომელსაც ძვირად ვაფასებთ. თუმცა ერთი მეორეს არ უშლის ხელს. თუ დასავლეთი მზადაა აფხაზეთის ეკოომიკური ზრდის პროცესებში ჩასართავად, ჩვენ ამ თემებს განვიხილავთ. კი ბატონო, მობრძანდით!”
“ამ ეტაპზე ევროკავშირს არ შეუძლია აფხაზეთის აღიარება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯებისთვის, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება”,- გამოცემის ინფორმაციითვე, განაცხადა შეხვედრის დასასრულს ზალბერმა.

![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |