დღეს, 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სასამართლო სხდომა 17:30 წთ-ზეა ჩანიშნული.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისკენ დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.