ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში საკვებ პროდუქტზე და ტექნიკაზე ფასები გაიზარდა

31 იანვარი, 2015 • 1002
სამხრეთ ოსეთში საკვებ პროდუქტზე და ტექნიკაზე ფასები გაიზარდა

გამოცემის ინფორმაციით, რუბლის კურსის მკვეთრმა რყევამ საზღვარგარეთიდან პროდუქტების შეზღუდული იმპორტის ფონზე რუსეთის სამხრეთის რამდენიმე რეგიონში პროდუქტებზე ფასების მატება გამოიწვია. საკვებ პროდუქტებზე ფასების 20-25 პროცენტით მატების შესახებ ამ რეგიონების მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში განაცხადა.


წინასაახალწლო დღეებში სამხრეთ ოსეთის ბევრი მცხოვრები საყიდლებზე ვლადიკავკაზში წავიდა, რის გამოც ჩრდილოეთ ოსეთის სავაჭრო ცენტრებში ნამდვილი აჟიოტაჟი იყო, უთხრა “კავკაზსკი უზელს” ცხინვალში მცხოვრებმა ალბინა ტადტაევამ.

 

“ვერ გაივლიდი, საკრედიტო განყოფილებებში უზარმაზარი რიგები იყო. თვითონ კონსულტანტები და გამყიდველები ამბობდნენ, რომ უკვე 2015 წლის იანვარში ფასებმა იმავე საქონელზე შესამჩნევად მოიმატა. ფასები მართლაც ჩვენ თვალწინ იზრდებოდა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩრდილო ოსეთის ყველა ამ სავაჭრო ცენტრში ჩემს ცხინვალელ ნაცნობებს ვხვდებოდი”, – აღნიშნა ტადტაევამ.

 

საქონლის შეძენა რომ ჩრდილოეთ ოსეთში უფრო იაფია, ამის შესახებ ცხინვალში მცხოვრებმა მარინა ბატეევმაც განაცხადა.

 

“ჩემი ნაცნობების თითქმის ნახევარმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ვლადიკავკაზში შეიძინა. მართალია, იქაც ყოველ მეორე დღეს ფასები იმატებს, მაგრამ საყიდლებზე იქ სიარული მაინც უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე ცხინვალში”.

 

ფასები გაიზარდა ასევე სამხრეთ ოსეთში ნაწარმოებ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მათ შორის ყველზე და ხორცზე.

“ჩვენ ბაზარზე კილოგრამი ოსური ყველი, რომელიც ადრე 280 რუბლი ღირდა, ახლა 400 რუბლი ღირს, ერთი ცალი ჩურჩხელა 25 მანეთი ღირდა, ახლა კი 40 მანეთია. კილოგრამი გასუფთავებული კაკალი, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში 380 მანეთი ღირდა, 500 მანეთი ღირს, ხოლო ძროხის ხორცის ფასმა, რომელიც გასულ წელს 180 მანეთი იყო, ახლა 259 მანეთამდე მოიმატა”, უთხრა “კავკაზსკი უზელს” ადგილობრივი ბაზრის გამყიდველმა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი