“რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?”, – ასე პასუხობს ქიბარ ხალვაში კითხვას, რატომ არ დათანხმდა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის ინიციატივას, რის თაობაზეც რ2-ის თანამშრომლებმა მიმართეს.

“რა უნდა გამიკეთოს ბორდმა, სარედაქციო დამოუკიდებლობა ხომ მოგეცით”, – უთხრა ხალვაშმა რ2-ის ჟურნალიტს.

დღეს ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა ხელმოწერის დასატოვებლად. სწორედ იქ გააკეთა მან აღნიშნული კომენტარი.

ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით,   სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა.

„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ივლისს არხის ახალ მფლობელსა და დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გარანტიები მოსთხოვეს და შესთავაზეს:

  • შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება;
  • დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე;
  • ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე ახალმა მენეჯმენტმა ოფიციალურად აიღოს ვალდებულება, რომ არ შეცვალოს მაღალრეიტინგული გადაცემების წამყვანები, რომლებიც „საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნიან“.