მოქალაქეს, რომელიც ლგბტ პირს აშანტაჟებდა, გირაო შეუფარდეს

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, პირს, რომელიც ლგბტ თემის წევრს აშანტაჟებდა, სასამართლომ 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ორგანიზაცია ამბობს, რომ სასამართლოში დაზარალებულის ინტერესებს “თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები იცავდნენ.

მათი თქმით, ორგანიზაციას ლგბტ თემის ერთ-ერთმა წევრმა მიმართა, რომელსაც მისი ნაცნობი აშანტაჟებდა სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით. “თანასწორობის მოძრაობა“ ამბობს, რომ დაზარალებული თავისი სექსუალური იდენტობის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა, შესაბამისად, ამ ინფორმაციის გავრცელება მისთვის საფრთხის შემცველი იყო.

დაზარალებულს ბრალდებულმა 2019 წლის 12 ივლისს მოსთხოვა, რომ მის ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. დაზარალებულმა თანხის ნაწილი, 500 ლარი გადაურიცხა 12 ივლისს, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა გადაერიცხა 13 ივლისს, საღამომდე.

“თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა პოლიციას და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული დააკავეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის მუხლით დაიწყო. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 6 000- ლარიანი გირაო შეუფარდა. თანასწორობის მოძრაობა დაზარალებულის ინტერესებს საქმის დასრულებამდე დაიცავს.