პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდნენ – ნიკა მელია “ევროპული საქართველოს” ლიდერებს პასუხობს

“მათი [ევროპული საქართველოს]  განცხადებები, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის”, – ასე გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია “ევროპული საქართველოს” ლიდერების განცხადებებს. 

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ განაცხადა 13 ივლისს, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა “პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე”. ამაზე  გიორგი ბარამიძემ “ევროპულ საქართველოს” განმარტება მოსთხოვა.  ბარამიძის მოწოდების საპასუხოდ “ევროპულ საქართველოს” განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იზიარებს კახიძის მოსაზრებას მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს,  ან არ შეეგუოს დააწარმოოს ამაზე დისკუსია”. “ევროპული საქართველოს”  კიდევ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ კი განაცხადა, რომ ჯერ ამ თემაზე დისკუსიის დრო არ არის და “ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება”.

“დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი [“ევროპული საქართველოს” ლიდერების] განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს”, – წერს ნიკა მელია ფეისბუკის გვერდზე. 

“ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაოობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას – მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“. დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ. დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს. მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია – დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!”- აცხადებს მელია. 


მოკლედ:

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად – ოთო კახიძე მელიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე

მელიას არ უნდა გაეკეთებინა უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტთან “მშვიდობიანად შესვლაზე”- კახიძე