ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოღოსიანი: ევრაზიული კავშირი მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობაა სომხეთისთვის

7 იანვარი, 2015 • 1047
პოღოსიანი: ევრაზიული კავშირი მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობაა სომხეთისთვის

“ევრაზიულ კავშირში სომხეთის შესვლის დოკუმენტი ჰიპოთეტური შესაძლებლობაა მანამ, სანამ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება. და არის კი სომხეთი ამისთვის მზად? ბევრი ითქვა ინვესტიციების შესახებ, თუმცა არ მჯერა, რომ ევრაზიული კავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე ინვესტიციები ჩაიდება. ბევრს ლაპარაკობენ ექსპორტზეც, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ სომხეთის ეკონომიკამ საექსპორტოდ რამე გააკეთა  და არ მჯერა, რომ შეძლებს ამ შანსის გამოყენებას”, – ამბობს პოღოსიანი.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევრაზიულ კავშირში შესვლა ჰიპოთეტურად შანსს აძლევს რუსეთში სამუშაოდ წასულ სომხეთის მოქალაქეებს, თუმცა, მისი აზრით, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი ემიგრანტი იძულებული გახდება სომხეთში დაბრუნდეს.


“პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის მზად ასეთი შემობრუნებისთვის და სახელმწიფო ვერ შეძლებს მათი დასაქმების უზრუნველყოფას”.


სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმება ქვეყნის პარლამენტის მიერ უკვე რატიფიცირებულია.


საბაჟო კავშირი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანია, მოკავშირე ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გამარტივდეს და  საბაჟო განაკვეთებისგან გათავისუფლდეს. 2012 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის საბაჟო კავშირის ეგიდით ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც კავშირის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.



მასალების გადაბეჭდვის წესი