ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო კონფერენციაში “ევროპის განვითარების წელი” მონაწილეობას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღებს.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.