20 ივნისის აქციის კიდევ სამი დაშავებული მკურნალობას უცხოეთში გააგრძელებს

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულთაგან საზღვარგარეთ სამკურნალოდ კიდევ სამი ადამიანი მიემგზავრება. ორი მათგანი მკურნალობას ისრალეში, ერთი კი თურქეთში გააგრძელებს. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ცნობითვე, მკურნალობის ხარჯებს ფონდი “ქართუ” დაფარავს.

სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა დაზიანებები აქვს ამ სამ მოქალაქეს და მიზეზად პერსონალურ ინფორმაციას ასახლებს.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, უცხოურ კლინიკებში ამ დროისთვის უკვე მკურნალობს 6 დაშავებული. თურქეთში სამკურნალოდ იმყოფება 2 სამართალდამცველი, 2-2 მოქალაქე კი მკურნალობას გერმანიასა და ისრაელში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დედაქალაქში ფართომასშტაბიანი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ძალებმა აქციის დაშლა დაიწყეს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლისას სულ 240 მოქალაქე დაშავდა.

 


ავტორი: თემო მელიქიშვილი