“წინასაახლწლოდ, ექსპრესრეჟიმში გადაწყვიტეს, რომ ზონის სტატუსი მოეხსნას ამ ტერიტორიას. ეს მშენებლობა გადაიყვანეს მეხუთე კლასის მშნებელობაში. მეხუთე კლასის მშენებლობებში გადის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მშენებლობები, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზები, სამხედრო ობიექტები. ეს ნიშნავს, რომ დღეს თუ ეს დამტკიცდა საკრებულოში, პროექტი წავა ეკონომიკის სამინისტროში, არავინ აღარ განიხილვას და პროექტის განხორციელებას წინ ვეღარავინ დაუდგება. დღეს საკრებულო უნდა ვაიძულოთ გადაიდოს ეს განხილვები შემდეგ თვეს და მოხდეს განხილვა პროფესიონალებთან, ქალაქმგეგმარებლებთან, ურბანისტებთან, დღეს ჩენ მოვითხოვთ ამ სხდომების და განხილვების გადადებას,” – უთხრა “ნეტგაზეთს” პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ.
დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, გაფართოებულ ფორმატში, დეპუტატებმა მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლის საკითხი უნდა განიხილონ. პარტიზანი მებაღეების თქმით, ეს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის და ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ამ სხდომაზე დასწრებას და მასში მონაწილეობას.
27 დეკემბერს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ იმსჯელა ქალაქის სხვადასხვა უბნებში ზონალური სტატუსების შეცვლის შესახებ, მათ შორის, სოლოლაკში მდებარე რამდენიმე ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლის თემაც განიხილეს.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებას პროექტ „პანორამა თბილისთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და ის რეკრეაციული ზონის განადგურებას არ გამოიწვევს“,- განაცხადა ამ სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ.
დღევანდელ აქციაზე “პარტიზან მებაღეებს” გამოფენილი აქვთ ფოტოები, რომლებზეც ასახულია მათ მიერ განხორციელებული აქტივობები. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები: “პანორამა მოკვდა”, “ნუ ამახინჯებთ ქალაქს!”
“პანორამა თბილისი” არის “თანაინვესტირების ფონდის” პროექტი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. პროექტი მიზნად ისახავს თავისუფლების მოედანზე ე.წ. ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებას. პროექტის მიხედვით, სასტუმრო და ბაღი აშენდება სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით. სასტუმროებთან დაკავშირება საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.