ევროკავშირის წამყვან თანამდებობზე კანდიდატები ნომინირებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელი აირჩიეს. ბელგიელი პოლიტიკოსი ამ პოსტზე დონალდ ტუსკს შეცვლის. იგი თანამდებობას 2019 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 მაისამდე დაიკავებს.

ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ევრპარლამენტს წარუდგინოს გერმანიის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურა, რომელიც ამ პოსტზე ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს. ევროკომისიის პრეზიდენტს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი. ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. მანფრედ ვებერს “ევროპის სახალხო პარტიიდან” (EPP) და ფრანს ტიმერმანსს “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან” (S&D), რომლებიც იუნკერის პოსტის მთავარ კანდიდატებად განიხილებოდნენ, ევროპის ლიდერებმა მხარი არ დაუჭირეს.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შემცვლელი ხოსეპ ბორელი იქნება, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი კრისტინ ლაგარდი განიხილება.

რაც შეეხება ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, მას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აირჩევენ. განიხილება ოთხი კანდიდატურა: სკა კელერი (“მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი”, გერმანია), სირა რეგო (“ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება”, ესპანეთი), დევიდ-მარია სასოლი (“სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, იტალია) და იან ზაჰრადილი (“ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები”, ჩეხეთი).