შსს ირწმუნება, რომ 21 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაში მონაწილეს პოლიციელები ფარეხის სახურავიდან არ აგდებენ. უწყების ცნობით, კადრებზე აღბეჭდილია, თუ როგორ გადასცემენ დაკავებულს ფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი (აქციის მონაწილე) სასამართლომ უკვე ათასი ლარით დააჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. რუსთავი 2-ის ცნობით კი, სამართალდამცავებმა დაკავებული სახურავიდან ძირს გადმოაგდეს.

“ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ-ს დაკავების ეპიზოდი. კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ მდგომ პოლიციელებს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედიასაშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა მედიის მიერ. დაკავებული აქციის მონაწილე ნ.რ-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა. სასამართლომ მას 1 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა“, – ამბობს შსს.

დღეს, პირველ ივლისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ერთ-ერთ დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ. ტელეკომპანიის განცხადებით, კადრები 21 ივნისს ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე თვითმხილველმა გადაიღო.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ კადრებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩანან. “კურიერის” ინფორმაციით, ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.

ვიდეო:

R2: პოლიცია 21 ივნისს დაკავებულს ავტოფარეხიდან აგდებს – ვიდეო


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქცია მაინც არ წყდება და გრძელდება შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.