ახალი ამბები

20 ივნისის აქციაზე დაკავებულთაგან მხოლოდ 3 რჩება პატიმრობაში – შსს

26 ივნისი, 2019 • 828
20 ივნისის აქციაზე დაკავებულთაგან მხოლოდ 3 რჩება პატიმრობაში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს დაკავებულთაგან მხოლოდ სამი ადამიანი რჩება პატიმრობაში.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, 305 დაკავებულთაგან ადმინისტრაციული პატიმრობა 121 პირს ჰქონდა შეფარდებული, დანარჩენები კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.


ქავერის ფოტოზე: აქცია სახელწოდებით “სირცხვილია”. თბილისი. 22 ივნისი, 2019. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი