19 დეკემბერს საყდრისის მხარდასაჭერად აქციას სტუდენტები თსუ-ში გამართავენ

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ საყდრისი  არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელს ევრაზიულ სივრცეში, რასაც ადასტურებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტ-მეცნიერები.

 

“ვფიქრობთ, რომ ძეგლის დაცვა უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა, მაგრამ რადგან ეს არ ხდება, ამიტომ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომელიც აპოლიტიკურია და მიზნად ისახავს მხოლოდ ჩვენი, სტუდენტური და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები,

 

აქციის მოთხოვნაა, რომ RMG GOLD-მა საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოება შეაჩეროს და სასწრაფოდ აღუდგეს საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

თსუ-ს სტუდენტი ნოდო თოთაძე ამბობს, რომ აქციაში მონაწილეობას თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან.

 

 

კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

 

 

საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

 

 

RMG Gold-ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

პოლიცელებსა და დაცვის წევრებს საყდრისის ბორცვისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი ჰქოქნდათ. 15.12.2014