აქციის ორგანიზატორები: მერიამ ღამით პარლამენტთან სცენა და აპარატურა აიღო

პარლამენტთან აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სცენა და აპარატურა, — მიკროფონები, დინამიკები და ა.შ — თბილისის მერიის თანამშრომლებმა გუშინ ღამით აქციისთვის ხელის შეშლის მიზნით აიღეს და მერიას მათ დაბრუნებას სთხოვენ.

პასუხად „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, აცხადებს, რომ პარლამენტთან არსებული კონსტრუქციუები უკვე უბრუნდება ადგილს, ხოლო აპარატურა მათ ადგილზე არ დახვედრიათ.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანახმად, მათ 23 ივნისს გეგმიურად დაასუფთავეს რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია:

„იქ არსებული კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, რაც შეეხება გახმოვანების აპარატურას, „თბილსერვის ჯგუფს“ ის არ დახვედრია ადგილზე. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს პერიოდში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე“, — აცხადებს მერია.