“მე გამოვდივარ!” – “თბილისის პრაიდი” კამპანიას იწყებს

“თბილისის პრაიდის” ოფისთან ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზების ფონზე, აქტივისტთა ჯგუფი იწყებს კამპანიას, სახელწოდებით, “მე გამოვდივარ!”

პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გადაიღონ ფოტოები და ვიდეოები და კამპანიის სახელწოდების შემცველი ჰეშთეგი დაურთონ.

“თბილისი პრაიდის ოფისი გარშემო იმყოფებიან ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. პრაიდის ორგანიზატორები ტელეფონზე იღებენ სიცოცხლის მოსპობის მუქარებს.

გთხოვთ ყველას გააზიაროთ ეს ფოტო ან გადაიღოთ ფოტო/ჩაწეროთ ვიდეო, დადოთ საკუთარ კედელზე და გამოიყენოთ ჰეშთეგები:#მეგავდივარ #TbilisiPride

ვაჩვენოთ სახელმწიფოს და ძალადობრივ ჯგუფებს, რომ ვართ ძალიან ბევრი და ყველას ვერ შეგვაშინებენ!” – წერენ აქტივისტები.


თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ჰომოფობიური ჯგუფია შეკრებილი. შეკრების მონაწილეების ინფორმაციით, ამ ადგილზე “თბილისის პრაიდის” ოფისი მდებარეობს.

ისინი არ აკონკრეტებენ, საიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრაიდის ოფისი აღნიშნულ მისამართზეა განთავსებული. მათი თქმით, ეს “საიდუმლოა”. შეკრებილები ოფისის დახურვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჰომოფობიურ აქციაზე მყოფმა გურამ ფალავანდიშვილმა მისი “აჭედვა” არ გამორიცხა.

ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზების გამო, საკუთარი ოფისები დატოვეს როგორც “თბილისის პრაიდის”, ისე ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაციის – “თანასწორობის მოძრაობის” – წარმომადგენლებმა.

პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან