ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართული მხარე აზერბაიჯანელ აქტივისტს, სავარაუდოდ, ბაქოს გადასცემს

17 ივნისი, 2019 • 2857
ქართული მხარე აზერბაიჯანელ აქტივისტს, სავარაუდოდ, ბაქოს გადასცემს

აზერბაიჯანელი აქტივისტი, ავთანდილ მამედოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ორი წლის წინანდელ გატაცებას აპროტესტებდა, საქართველოს შსს-მ დააკავა.

ავთანდილ მამედოვი; აფგან მუხთარლის გატაცებიდან 2 წელი გავიდა; აქცია თბილისში; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

ავთანდილ მამედოვი ბოლო რამდენიმე თვეა ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა.

მამედოვი, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, აზერბაიჯანში ხელისუფლების მიმართ კრიტიკისა და აქტივიზმის გამო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა და საქმიანობას საქართველოდან აგრძელებდა.

“ის აზერბაიჯანელი აქტივისტი იყო, რომელიც ასევე გამოექცა ალიევი ხელისუფლებას და საქართველოში ითხოვდა თავშესაფარს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ილკინ რუსტამზადე, აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომელიც აზერბაიჯანში სასჯელს იხდიდა და რამდენიმე თვის წინ ციხიდან პრეზიდენტ ალიევის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა.

ამასთან, როგორც ნეტგაზეთს “აზერბაიჯანის ახალგზრდობის კავშირის” თავმჯდომარემ, მარნეულში მცხოვრებმა უფლებამდაცველმა ლეილა მამედოვამ განუცხადა, ავთნდილ მამედოვი ბოლო პერიოდში მის მიმართ ადევნებაზე და თვალთვალზე საუბრობდა და ამ მიზეზით პოლიციასაც მიმართა.

მისი დაკავების შესახებ კი, როგორც ლეილა მამედოვი ამბობს, ავთანდილ მამედოვის აზერბაიჯანში მცხოვრები ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომლებიც მას დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, ავთანდილ მამედოვი უკვე ბაქოშია ექსტრადირებული.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაკავებული ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე რჩება.

[blue_box]შსს-ს პოზიცია[/blue_box]

შსს-ს ცნობითვე, მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი თაღლითობისთვის და შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17 ივნისს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.

2017 წელს ა.მ-მ საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მოთხოვნაზე უარი ეთქვა საფუძვლების არარსებობის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე ა.მ. ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა”.

საქართველოს გამოძიების ინფორმაციით, რომელსაც უწყება ავრცელებს, 2017 წლის 17 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა.მ-ს მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. ა.მ-ს ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ა.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, დაკავებულს ქვემო ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებენ”.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

2017 წლის მაისში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ბრალდებით დევნილი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, რის შემდეგაც ის ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუძიებია ჟურნალისტის გატაცების საქმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი