მუქარა და შეურაცხყოფა ნატა ფერაძის მიმართ ჰომოფობიურ აქციაზე – დააკავეს რამდენიმე პირი

გვიან ღამით, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქტივისტ ნატა ფერაძეზე თავდასხმას ცდილობდნენ.

ნატა ფერაძე ადგილზე პრაიდის ორგანიზატორების შეკრების დასრულების შემდეგაც დარჩა და აცხადებდა, რომ ტერიტორიას მხოლოდ იმ გზით დატოვებდა, რომელიც პოლიციას კორდონით ჰქონდა ჩაკეტილი, მეორე მხარეს მიმდინარე ჰომოფობიური კონტრაქციის გამო.

აგრესიული ჯგუფის წევრები მაშინ გაღიზიანდნენ, როცა ფერაძე მედიას ინტერვიუს აძლევდა. ერთ-ერთმა მათგანმა მას ჰკითხა, რატომ უწოდებდა კონტრაქციის წევრებს “ბრბოს”, რაზეც ნატა ფერაძემ უპასუხა, რომ მას არ ესაუბრებოდა და ინტერვიუს გაგრძელება სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. იმ დროს, როცა სამართალდამცავებს აქტივისტი ადგილიდან გაჰყავდათ, მას აგრესიული პირები გინებითა და მუქარით დაედევნნენ.

“დაამტვრიეთ!”, “მოკალით!” – ისმის კონტრაქციის მონაწილეების შეძახილები ვიდეოში, რომელსაც ონლაინ გამოცემა News.on.ge ავრცელებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დააკავეს უშუალოდ ზემოაღნიშნული ინციდენტის დროს.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 10-მდე მათგანი დააკავეს.

ჯგუფი აგრესიით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართაც:  ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტსაც, TV პირველის რეპორტიორს კი ერთ-ერთი მათგანი ხელით შეეხო.

მოგვიანებით პოლიციამ ადგილზე ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, გვიან ღამით დაიშალნენ.  გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს მათი მხრიდან საჯარო სივრცის დათმობას და პრაიდის ჩატარებაზე არც იმას, რომ პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნდებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

გარეკნის ფოტო: News.on.ge-ის ვიდეოდან