პრეზიდენტმა ფარული მიყურადების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო

 

საქართველოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროცესის გამო, რაც წარიმართა ამ კანონმდებლობის მიღების კუთხით პარლამენტში: “აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია… თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ვეტო დაადო მიღებულ კანონებს.

 

“პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს. ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, ნებართვას და ფაქტიურად იმას, რასაც ჰქვია გახსნა ამ მიყურადების, გასაღების გადატრიალებას, რომ კონკრეტულ მიყურადებას განახორციელებს შესაბამისად სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. ეს არის მოდელი, რომელშიც ფუნქციები არის სწორად გადანაწილებული და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებათა შორის და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

 

ფარული მიყურადების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება თავდაპირველად 31 ოქტომბერს გამოიყენა, როდესაც პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა თებერვლამდე მისცემოდა საგამოძიებო ორგანოებს საშუალება კვლავ ჰქონოდათ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე. მაშინ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო გაიზიარა და იგი არ დაძლია. შესაბამისად, შსს-ს ე.წ. გასაღებზე წვდომა 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდა.

 

სწორედ 1 დეკემბრამდე უნდა მიეღო პარლამენტს ახალი კანონი, რომელიც განსაზღვრავდა ე.წ. გასაღების შსს-დან გატანის საკითხს. ამ კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აწარმოებენ კამპანია “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ”, მომზადებული ჰქონდათ საკანონდებლო პაკეტი, რომლითაც შსს-დან უნდა გასულიყო ე.წ. გასაღები და იგი უნდა გადასცემოდა სატელეკომუნიკაციო კომპანიებსა და სასამართლოს. ეს კანონპროექტი პარლამენტში არ დარეგისტრირდა. სამაგიეროდ, ორად გაიყო საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციები და მომზადდა ორი კანონპროექტი. ვახტანგ ხმალაძის პროექტით, რომელსაც იზიარებს უმრავლესობაში შემავალი “რესპუბლიკელების” ფრაქცია და “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი, ე.წ. გასაღები უნდა გადასცემოდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თუმცა ეს კანონი 27 ნოემბერს პარლამენტმა ჩააგდო; ხოლო ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა გუშინ საბოლოოდ დაამტკიცა, ე.წ. გასაღები რჩება შსს-ში, ხოლო საკონტროლო გასაღები ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

გიორგი მარგველაშვილი

 

თავად უმრავლესობის შიგნითვე ამ კანონს უწოდეს უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ფარული მოსმენენის შესახებ აგვისტოში მიღებულ კანონმდებლობას. საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს, როდესაც პირველი ვეტო გამოიყენა, განაცხადა, რომ იგი მიესალმებოდა აგვისტოში მიღებულ კანონდემბლობას.

 

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ. ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც კვლავ შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტორნული კომუნიკაციების თვალთავლი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები. გარდა ამისა აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით. კომისიას უნდა ემსჯელა და ნოემბრამდე შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, ვის ექნებოდა იმ მოწყობილებების “გასაღები”, რომლითაც ხორციელდება ფარული მოსმენა/თვალთვალი. ნოემბრამდე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა შსს-ს მოქალაქეების კომუნიკაციებზე პირდაპირი და წვდომა 1 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.