ნეტგაზეთი | კახეთში 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს კახეთში 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

კახეთში 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს

კახეთში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 14 წლის გოგოს გაუპატიურება ედება. ინფორმაცია გოგოს შესახებ პირველად Reginfo-მ გაავრცელა, რომელიც წერდა, რომ კაცმა გოგოზე რამდენჯერმე იძალადა, თუმცა, პოლიცია მას ვერ აკავებდა.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირის წინააღმდეგ გამოძიება 2015 წლის დეკემბერში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთა სქესობრივი დამყარების ბრალდებით დაიწყო, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს ის მიმართ ძებნა გამოცხადდა. საქმეზე ამჟამად სასამართლო მსჯელობს.

შსს-ს განცხადების მიხედვით, 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებელმა განაცხადა, რომ გოგო მოიტაცეს და რომ თითქოს, ის ძებნილ კაცს გაჰყვა ცოლად. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება.

Reginfo წერს, რომ გოგო არაერთხელ მოიტაცეს. როდესაც 14 წლის იყო რამდენიმე ადამიანმა ის მოიტაცა და 24 წლის კაცთან ერთად ჩაკეტა ოთახში.

“ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი,“ – წერს Reginfo.

მათივე ინფორმაციით, ამ საქმეს სასამართლო უკვე 35 თვეა, რაც იხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან