სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩევლებს სახელის და გვარის მიხედვით აღრიცხავს – ISFED

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

ამასთნ, ISFED აცხადებს, რომ ტენდენციის სახით შეინიშნება, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლის მობილიზება, რომელიც ამომრჩევლებს სახელისა და გვარის მიხედვით აღრიცხავს. კერძოდ:

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, №12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკო-ს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა. გარდა ამისა, №3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი. 

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 9 ივნისის პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს .