საკონსტიტუციო: სასამართლოს აქტები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა დაიშტრიხოს

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კონსტიტუციური სარჩელები და დაადგინა, რომ სასამართლო აქტები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა დაიშტრიხოს.

საკონსტიტუციომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და პარლამენტს საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოწესრიგება დაავალა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. საკონსტიტუციოს განმარტებით, სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს, რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა ის სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.

საკონსტიტუციოს განცხადებით, სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

დავის საგანი - დააკლიკეთ

1) №693 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

2) №857 კონსტიტუციურ სარჩელზე – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ინტერესთან შედარებით და ის არ ითვალისწინებს შესაძლო საჯარო ინტერესის არსებობას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

დახურულია ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რომ (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისუფლად შევიდეს და დაესწროს სასამართლო პროცესს.

სასამართლოები ამ დრომდე არ გასცემდნენ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო შემდეგ ფართოდ განმარტავდნენ დეპერსონალიზაციის ვალდებულებას, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემას.

რას უკავშირდებოდა კანონმდებლობის ეს ხარვეზები? რატომ არ ასაჯაროებდა სასამართლო ღია პროცესებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც მედია თითქმის პირდაპირ ეთერში აშუქებდა სხდომებს? როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოში?  – ამ საკითხებთან დაკავშირებით გირჩევთ ნეტგაზეთის 2017 წლის ინტერვიუს IDFI-ის პროგრამების დირექტორთან, ლევან ავალიშვილთან:

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმიუწვდომლობა – ინტერვიუ ლევან ავალიშვილთან