ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის დახურული სკოლა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული კატალოგის 2014 წლის მონაცემებით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 30 წელზე დაბალი ასაკის მასწავლებლები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფები. მსგავსი დისბალანსი დასავლეთის ქვეყნებში არ არის, იმის მიუხედავად, რომ აშშ-სა და ბრიტანეთის სკოლებში საპენსიო ასაკის მასწავლებლებიც ასწავლიან.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2014 წელს მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამგვარი დისბალანსი შესაძლოა უკავშირდებოდეს სახელმწიფოს საპენსიო პოლიტიკას, რომელიც ახალისებს საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, რომ სკოლაში დარჩნენ. სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი მასწავლებლებისთვის უშვებს გამონაკლისს იმით, რომ შეუძლიათ ხელფასთან ერთად პენსიაც აიღონ.

განათლების სპეციალისტი ნათია ანდღულაძე, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ სკოლებში ახალგაზრდა პედგოგების სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფოს საპენსიო პოლიტიკაა. მისი თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა გაჯერებულია მასწავლებლებით, არ მიმდინარეობს თაობათა ცვლა:

 

 

მასწავლებლების ასაკობრივი განაწილება |Create Infographics

აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულია სტატისტიკა, რომ ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ახალგაზრდა პედაგოგები უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, ინგლისური ენა და ლიტერატურაა.

 

“ერთ-ერთი მიზეზი, რომ ინგლისურის მასწავლებლებს შორის ბევრია ახალგაზრდა, არის ის, რომ ამავე საგნის მასწავლებლებს შორის ცოტა იყო ასაკოვანი მასწავლებლების რაოდენობა, რამაც სკოლის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმების შესაძლებლობა მისცა”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

თეონა ბანძელაძე 24 წლისაა. მან ერთი წლის წინ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა თავისი სპეციალობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დასაქმება. თეონა იხსენებს, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს პრაქტიკა თბილისის #55 საჯარო სკოლაში გაიარა, ხოლო შემდეგ პროგრამაში – “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” – ჩაერთო და ჯავახეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ერთი წლის განმავლობაში დამხმარე მასწავლებლად იმუშავა. თუმცა მისი ეს გამოცდილება და კვალიფიკაცია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას თბილისის საჯარო სკოლებში მოეხერხებინა დასაქმება. “ერთწლიანი გამოცდილება არ აკმაყოფილებთ. მთავარი პრობლემა არის, ვერც მიდიხარ იქამდე, რომ აჩვენო, რა იცი, იმიტომ, რომ ხარ გამოუცდელი,” – ამბობს თეონა.

|Create Infographics

ლალი ჯანიაშვილი 42 წლისაა. მან 10 წელი იმუშავა ერთ-ერთ კერძო კოლეჯში რუსული ენის მასწავლებლად. თუმცა მას შემდეგ, რაც კოლეჯი დაიხურა, უმუშევარია. ჩაბარებული აქვს სასერტიფიკაციო გამოცდაც, მაგრამ სამსახურს რამდენიმე წელია უშედეგოდ ეძებს.

 

“სკოლებში ვაკანსია ფიზიკურად არ არის და თუ როგორღაც გამოჩნდა, ნაცნობობით იღებენ კადრს. ამას გარდა, სკოლის მასწავლებლებში თაობათა ცვლა არ ხდება. ამასობაში კი ჩვენც საპენსიოები ვხდებით”, – ამბობს ლალი ჯანიაშვილი.

 

ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სკოლებში ახალი კადრების მოზიდვაზე და ახალგაზრდების დასაქმებაზე, თუმცა, მისივე თქმით, დამწყებ მასწავლებლებს შანსს უფრო მეტად კერძო სკოლები აძლევენ, საჯარო სკოლებში ისინი დასაქმებას ვერ ახერხებენ:

 

“[დამწყები მასწავლებლები] თუ ძალიან კარგი არაა, სავარაუდოდ, შანსს არ აძლევენ. ახალგაზრდებს უფრო ეადვილებათ კერძო სკოლებში შესვლა, ვიდრე – საჯარო სკოლებში”.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი  ნინო კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების კონცენტრაცია ნაწილობრივ სახელმწიფოს საპენსიო პოლიტიკამ განაპირობა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო არ მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის გამო გამოცდილმა მასწავლებელმა უნდა დატოვოს სკოლა. ნინო კვიტაიშვილს მიაჩნია, რომ დისბალანსი ასაკობრივ ჯგუფებს შორის საგანგაშო არაა:

“მეც ვიყავი სკოლის დირექტორი და შემიძლია გითხრათ, რომ საპენსიო ასაკი პედაგოგების მოღვაწეობაზე არ მოქმედებს. არ არსებობს საერთო მიდგომა, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებელმა უნდა დატოვოს სკოლა და პედაგოგიური საქმიანობა არ უნდა გააგრძელოს”.

თბილისის 82-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე კვირიკაშვილი ამბობს, რომ თუ მასწავლებელი არის მზად სიახლეებისთვის და აქვს მზაობა გაუძღვეს სასწავლო პროცესს, მან სკოლა საპენსიო ასაკის მიღწევის მიუხედავად არ უნდა დატოვოს.

ეკატერინე კვირიკაშვილის თქმით, მხოლოდ სკოლის დირექციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ  მასწავლებელი, რომელიც გამოწვევებს ვერ პასუხოსბ, რა ასაკშიც არ უნდა იყოს, სკოლა დატოვოს. სკოლის დირექტორს მიაჩნია, რომ საპენსიო ასაკის მაწავლებლებს შორის არიან დიდი გამოცდილების მქონე მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას გადასცენ და მათი რესურსი სკოლამ უნდა გამოიყენოს.

 

საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა ასაკობრივი ჯგუფები დიდ ბრიტანეთში
საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა ასაკობრივი ჯგუფები დიდ ბრიტანეთში

დარეჯან პეტრიაშვილი 32-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი 2 წელია პენსიას იღებს, თუმცა სკოლაში მუშაობას კვლავ აგრძელებს, რადგან 150-ლარიანი პენსია მის საჭიროებებს ვერ გაწვდება.

 

მას სკოლაში 18 საათი – სრული განაკვეთი აქვს, ასევე ჰყავს სადამრიგებლო კლასი, რათა მაქსიმალურად მაღალი ხელფასი აიღოს. მას სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული და შემოსავლის დიდ ნაწილს კომუნალური და ბანკის გადასახადების დასაფარად იყენებს.

 

“37 წელი ვმუშაობ. უკვე მაქვს საპენსიო ასაკი და უბრალოდ მინდა გასვლა, იმიტომ კი არა, რომ ენერგია არ მაქვს და მუშაობა არ შემიძლია, დავიღალე. ამდენი წელი რომ პედაგოგად იმუშავებ, უნდა დაისვენო”.

 

მისი თქმით, პენსია უფრო მაღალი უნდა იყოს და სახელმწიფო პენსიონრებს სოციალურ შეღავათებს უნდა სთავაზობდეს. 37-წლიანი სტაჟის მქონე მაწავლებელი ამბობს, რომ პენსია დამსახურების მიხედვით უნდა ინიშნებოდეს.

 

“პენსია თუ დაგვენიშნა, დამსახურებას  არ აქვს მნიშვნელობა? მთელი ცხოვრება რომ არ უმუშავია და არც მუშაობის ფასი იცის, იმასაც და მეც რატომ უნდა გვქონდეს ერთნაირი პენსია,  რატომ უნდა დაიკარგოს ჩვენი ნამოღვაწარი?”

 

იგი პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს, რადგან არ აქვს იმედი, რომ უახლოეს  მომავალში რამე შეიცვლება.

 

“ერთხელ დასხდნენ 150 ლარზე თუნდაც ისინი. სამას ლარზე დასხდნენ. ქამრების მოჭერა დაიწყონ იქიდან, ჩვენ რატომ გვიქნევენ ხელს?”

ნათია ანდღულაძის აზრით, მასწავლებელთა შეფასების ახალ სქემაში, რომელზეც განათლების სამინისტრო ახლა მუშაობს, უნდა დარეგულირდეს, რომ დიდი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე მასწალებელები დარჩნენ სკოლაში, როგორც მენტორი მასწავლებლები, რომელებიც თავის გამოცდილებას დამწყებ მასწავლებლებს გაუზიარებენ.

 

„იმისთვის, რომ შეიქმნას სივრცე ახლების მისაღებად, უნდა იყოს განსაზღვრული, დაახლოებით რამდენი მასწავლებელი დატოვებს პროფესიას ყოველწლიურად“, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

მისი თქმით, საპენსიო ასაკის მასწავლებლებსაც აქვთ კარგი შედეგები სწავლების თვალსაზრისით, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია პოლიტიკის დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდა პედაგოგების დასაქმებას უწყობდეს ხელს.

 

განათლების სპეციალისტი ამბობს, რომ ახალგაზრდებში მასწავლებლის პროფესია პოპულარული არ არის, რადგან კარგად მომზადებული კადრები დაბალანაზღაურებად  პროფესიას არ ირჩევენ. დაბალი კონკურენციის გამო პედაგოგიკის ფაკულტეტზე დაბალი აკადემეიური მოსწრების მქონე სტუდენეტებსაც შეუძლიათ სწავლა, რაც დამწყები მასწავლებლების მომზადების ზოგად დონეს დაბლა სწევს.

ნათია ანდღულაძის მოსაზრებას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის კვლევაც ადასტურებს. საქართველოში სხვა პროფესიებთან შედარებით განათლების სფეროს მუშაკები ნაკლებად ანაზღაურებადი არიან.

 

1998-2012 წლებში მასწავლებელების ხელფასი გაიზარდა იმაზე ნაკლებად, ვიდრე სხვა პროფესიის მუშაკების. საჯარო სექტორის ანაზღაურებასთან შედარებით მასწავლებლების ანაზღაურება 190%-ით ნაკლებია, ამგვარი განსხვავება ბულგარეთში 29%-ია, 41%-ია ესტონეთში, 40- ლიტვაში, 11%- დანიაში და 4%- ირლანდიაში.

 

ნათია ანდღულაძეს მიაჩია, რომ ხელფასით უნდა მიიზიდო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კადრები, სახელმწიფომ გარანტირებული დასაქმება უნდა უზრუნველყოს.

 

ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ მასწავლებლობა საინტერესო პროფესია გახდეს სტუდენტებისთვის და მეტი და მაღალკვალიფიცური კადრი მოიზიდოს.

კითხვაზე, მასწავლებელთა შეფასების ეროვნულ სქემაში ცალკე თუ დაეთმობა ყურადღება  საპენსიო ასაკისა და დამწყები მასწავლებლების საკითხს, კვიტაშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს აქვს სისტემური ხედვა.

 

“ჩვენ სისტემური ხედვა გვაქვს, ჩვენ ამას  ვხედავთ არა როგორც სისტემაში ახალი კადრის შემოსვლით, არამედ როგორ უნდა მოამზადოს უნივერისტეტებმა, რა პროგრამით უნდა შეძლონ ამ კადრების მომზადება, რომელიც გვინდა მივიღოთ სკოლებში“, – ამბობს კვიტაიშვილი.

 

ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ სკოლაში ახალი კადრების მოზიდვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა უზრუნველყოფს. ამ სქემით ახალგაზრდა კადრისთვის მასწავლებლის პოზიცია მიმზიდველი უნდა გახდეს.

 

ნინო კვიტაშვილის თქმით, დაგეგმილია მასწავლებლის ხელფასის ზრდა 2015, 2016 და 2017 წლებში, რაც იქნება მოტივაციის მნიშვნელოვანი წყარო მასწავლებლებისთვის, რომ არა მარტო დამწყებ, არამედ 40 წელს მიღწეულ მასწავლებლებსაც სკოლაში მუშაობის დაწყების სურვილი გაუჩნდეთ.

 

“ჩვენ სისტემური ხედვა გვაქვს, ჩვენ ამას  ვხედავთ არა როგორც სისტემაში ახალი კადრის შემოსვლით, არამედ როგორ უნდა მოამზადოს უნივერისტეტებმა, რა პროგრამით უდა შეძლონ ამ კადრების მომზადება, რომელიც გვინდა მივიღოთ სკოლებში. შეიძლება ეს იყოს ახალი სახე, არსებობდეს 35 წლის ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და სურდეს სკოლაში დასაქმება.”

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ანგარიშის მიხედვით, დღეს სკოლებში 67 917 მასწავლებელია დასაქმებული, რაც 11 500 მასწავლებლით მეტია იმაზე, ვიდრე საგანმანათლებლო სისტემას სჭირდება.

კითხვაზე, როგორ დასაქმდება ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაში იმ ფონზე, როცა საგანმანათლებლო სისტემაში 11,500-ით მეტი მასწავლებელია, კვიტაიშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია, საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სკოლა დატოვოს, ხოლო მასწავლებლების სიჭარბეზე ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მასწავლებლების სიჭარბე არაა.