ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ყარაბაღის სასაზღვრო სოფელში

22 ნოემბერი, 2014 • • 1500
მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ყარაბაღის სასაზღვრო სოფელში

ბერდაშენი [აზერბაიჯანული სახელი ქარაკენდი, რედ.] ყარაბაღის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანთან სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. ყარაბაღის ეს სოფელი განთქმულია როგორც საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ისე მდიდარი სოფლის მეურნეობით. მაგალითად, ბერდაშენში გახლავთ უძველესი ციხესიმაგრე “კუსაბერდი” [“ქალწულის ციხე”], სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული იქნა არტეფაქტების კოლექცია. ეს კოლექცია დღემდე დაცულია ბერდაშენის მუზეუმში, რომლის თავზე აღმართულია ქალის ქანდაკება – ზომით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხრეთ კავკასიაში.

ქალის ქანდაკება ბერდაშენის მუზეუმის თავზე
ქალის ქანდაკება ბერდაშენის მუზეუმის თავზე

 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ გლეხებს სხვადასხვა სახის პროდუქტი მოყავთ, მათ შორის ყურძენი. სტეპანაკერტის კონიაკის ქარხანა ბრენდულ ღვინოს სწორედ “ბერდაშენის” სახელით აწარმოებს.

 

სოფლის ცენტრში თხუთმეტამდე მამაკაცია შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთს პრობლემებს უზიარებენ. ძირითადი სასაუბრო თემა წლევანდელი ზარალია – ზაფხულის გვალვებს თან უწყლობა დაერთო და გლეხები მოსავლის გარეშე დარჩნენ. ახლა იმაზე ბჭობენ – ღირს თუ არა ზამთრის ნარგავებზე იფიქრონ, რადგან საყოფაცხოვრებო პრობლემები სოფელში ისევ მოუგვარებელია.

 

“წელს სულ ტყუილად ვიშრომეთ, ვერაფერი მივიღეთ. წყალი არ იყო და ამინდმაც გაახმო ყველაფერი. რისი იმედი უნდა გვქონდეს ასეთ პირობებში?” – ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც არ იცის, ისევ გააგრძელებს თუ არა მომავალში მიწის დამუშავებას. მისივე თქმით, არავითარი იმედი არ არსებობს, რომ მომავალ წელსაც იგივე პრობლემები არ იქნება წყალთან დაკავშირებით.

ბერდაშენის მცხოვრებლები
ბერდაშენის მცხოვრებლები

 

ბერდაშენში წყლის პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ წელს ვითარება უამინდობამ კიდევ უფრო გაამწვავა. სოფლის ცენტრში შეკრებილი მამაკაცები ამბობენ, რომ საბჭოთა პერიოდში ყველა დასაქმებული იყო, დღეს კი ადამიანი “ათასად უნდა გაიჭრას”, რომ ოჯახის რჩენა შეძლოს: “როცა უწყლობის გამო მიწის დამუშავება არამომგებიანი ხდება, სხვა სამსახურის ძებნაზე უნდა ვიზრუნოთ”.

 

უწყლობის გამო სოფელში წელს ყურძენიც გახმა, რამაც სოფლის მოსახლეობის ზარალი კიდევ უფრო გაზარდა.

 

არაიკ მირზაბეკიანი ამბობს, რომ მისმა ზარალმა დაახლოებით 7 მილიონი დრამი [დაახლოებით 20 ათასამდე აშშ დოლარი] შეადგინა. მირზაბეკიანმა კომპანია “მასის ტობაკოს” დაკვეთით 8.5 ჰა მიწის ფართობზე თამბაქო დათესა, თუმცა უწყლობის გამო დათესილი კულტურა მთლიანად გაუხმა.

 

“მოვიდნენ, შეადგინეს აქტი, მაგრამ ვერაფრით დამეხმარნენ. აწი აღარ დავთესავ თამბაქოს, რისთვის?” – ამბობს ის.

 

სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გარიკ სარგსიანის თქმით, არსებობს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გვალვისგან დაზარალებულები წელს  გადასახადებისგან გათავისუფლდნენ, თუმცა მაშინ, როცა ზარალი მილიონებს ითვლის, რამდენიმე ათასი დრამის გადასახადისგან გათავისუფლება სოფლის მოსახლეობისთვის ამინდს ვერ ცვლის.

გარიკ სარგსიანი
გარიკ სარგსიანი

 

გარიკ სარგსიანის თქმით, წელს ვითარება უამინდობამ გაამწვავა, რადგან წყლის სისტემის გაუმართაობას გვალვა დაემატა:

 

“სოფელში რთული ვითარებაა სარწყავი სისტემის კუთხით. მდინარეში საკმარისი წყალი არ იყო და ვეღარ აღწევდა წყალსაცავამდე, რადგან მდინარიდან წყალსაცავამდე ბევრი მიწის ფართობებია, რომლებიც ირწყვება”.

 

მარსელ ოგანეჯიანის თქმით, ამ ყველაფერზე სათანადო კონტროლი არ არის და ამიტომაც ვერ გაუმკლავდნენ წელს პრობლემებს:

 

“სარწყავ წყალს უდიერად ექცევიან. ხედავ, როგორ იღვრება ტყუილად წყალი ცარიელ მიწის ნაკვეთებზე მდინარესთან ახლოს, ჩვენთან კი ბაღები ხმება”.

 

სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს ორი არტეზიული ჭა გაიყვანეს და ორიც შეაკეთეს:

 

“მომავალ წელს გათვალისწინებულია 10 არტეზიული ჭის გაყვანა და ვფიქრობ, პრივატიზებული მიწების 70% მოექცევა სარწყავი სისტემის ქვეშ”.

სოფელი ბერდაშენი
სოფელი ბერდაშენი

 

მარტუნინის რაიონის [აზერბაიჯანული სახელი ხოჯავენდი, რედ.] სოფელ ბერდაშენში 1500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა იმედგაცრუებულია, თუმცა ამ რაიონის სხვა სოფლებთან შედარებით მათ უკეთესი მდგომარეობა აქვთ, რადგან ზოგიერთ სოფელში სასმელ წყალსაც კი სახანძროს მანქანებით ეზიდებიან და სარწყავ წყალზე საუბარიც კი არ არის.

ბერდაშენის ადმინისტრაციის უფროსი გარიკ სარგსიანი დიდ იმედებს ამყარებს მარტუნინის რაიონის სოფლების განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელშიც ბერდაშენიც შევა. პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე 150 ჰექტარზე დაითესება მრავალწლიანი ბალახი, რაც მსხვილფეხა საქონლის საკვებით უზრუნველყოფის პრობლემას მოხსნის. უახლოეს დღეებში კი სოფლის მოსახლეობა სათესლე მასალასა და დიზელის საწვავს მიიღებს.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი