ახალი ამბები

შსს-ს პოზიცია “პრაიდზე” წარმოაჩენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას – არასამთავრობოები

31 მაისი, 2019 • 2566
შსს-ს პოზიცია “პრაიდზე” წარმოაჩენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას – არასამთავრობოები

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ანტისახელმწიფოებრივსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31 მაისის განცხადებას “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით.

ამ განცხადებით უწყება ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ 23 ივნისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი საჯარო მსვლელობის – ღირსების მარშის – სათანადო დაცვას.

“ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი.

2012 წლიდან ლგბტ აქტივისტები ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებიან. ყოველ წელს ლგბტ აქტივისტებს უცხადებენ, რომ მომეტებული საფრთხის გამო უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მოქალაქეების დაცვა, გამოხატვისა და შეკრების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა და მშვიდობის შენარჩუნება, საკუთარ მოვალეობას ვერ შეასრულებს. შსს-ს მთავარ არგუმენტად მოჰყავს გარემოება, რომ მათ ძალებს აღემატება დიდი რაოდენობის კონტრდემონსტრანტების შეკავება და იმ ძალადობის თავიდან აცილება, რომელიც შესაძლოა ლგბტ ადამიანების შეკრებას მოჰყვეს. სამწუხაროდ, ეს არგუმენტი ჩვენი მოსახლეობის და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, შესაძლოა, ლეგიტიმურად აღიქმებოდეს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლგბტ ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა იმ პირობებში, როდესაც მათ ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იმ სოციალურ სიკეთეებზე, რომლებიც ისედაც შეზღუდული აქვთ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას და სოციალური პროტესტი ხშირად ერთადერთი გზა არის იმისათვის, რათა ადამიანებმა გამოთქვან უკმაყოფილება და სამართლიანად მოითხოვონ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობები.

განცხადების ავტორები სახელმწიფოს ადანაშაულებენ ჰომოფობიისა და ძალადობის წახალისებაში. ისინი მთლიანად სახელმწიფოს აკისრებენ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ თემი უკვე წლებია, ვერ ახერხებს საჯაროდ თავისუფალ შეკრებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ:

“სახელმწიფომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად, მათ შორის:

  • საჯაროდ ისაუბრონ ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში და საზოგადოებას აუხსნან ის მიზეზები, რის გამოც ლგბტ აქტივისტებს წართმეული აქვთ უფლება, საჯაროდ შეიკრიბონ და გააპროტესტონ თავიანთი გაუსაძლისი ყოველდღიურობა არსებულ სოციალურად უთანასწორო, ჰომოფობიურ გარემოში;
  • განახორციელონ კონკრეტული და ხელშესახები საკანონმდებლო რეფორმები ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელთა შესახებაც არაერთი რეკომენდაციაა გაცემული წლების მანძილზე;
  • აღასრულონ არსებული კანონმდებლობა და სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავე პირების პასუხისგებას;
  • შეწყვიტონ ლგბტ ადამიანების სიცოცხლის უფლებით მანიპულირება საარჩევნო ხმების დასაგროვებლად და ამ გზით მოსახლეობაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივება/წახალისება;
  • გაატარონ აუცილებელი რეფორმა განათლების სისტემაში მიმღებლობის და თანასწორობის პრინციპების დასანერგად და გასავრცელებლად;
  • გამოიკვლიონ  საზოგადოებაში არსებული რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, პოლიტიკური კავშირები და რადიკალიზაციის სოციო-ეკონომიკური და კულტურული მიზეზები და დასახონ აღნიშნული პრობლემების მოგვარების და რადიკალიზაციის პრევენციული სტრატეგია.”

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თანასწორობის მოძრაობა;
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო;
  • საფარი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • პლატფორმა “ქალები საქართველოდან”;
  • ქალთა ინიციატივებიდ მხარდამჭერი ჯგუფი;
  • StudioMobile – Accent on Action SMAA სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე;
  • დამიანის უფლებათა ცენტრი (HRC):
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD

თბილისი პრაიდი: შსს-მ “ღირსების მარშის” კლუბში ან სტადიონზე ჩატარება შემოგვთავაზა

მასალების გადაბეჭდვის წესი